„თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ და მაინც საბოლოო „პროდუქტი“ ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა, იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დამაზიანებელი, ჩვენ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამ საზიანო „პროდუქტზე“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ კომისია“. ამის შესახებ, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„მე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და თვალსაჩინო იყო როგორ საკანონმდებლო პოლიტიკას ახორციელებდა მმართველი პოლიტიკური ძალა და თანდათანობით როგორ დაუქვემდებარა ინსტიტუციურ კონტროლს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს საჭიროებენ. ასეთი იყო კანონი პროკურატურის შესახებ, მიუხედავად ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნისა, რომ ეს კანონი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას.
ვნახეთ როგორ დაიქვემდებარა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლო, კანონში შეტანილი ცვლილებებით. ერთადერთი ინსტიტუტი,რომელიც დამოუკიდებელი დარჩა, არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ახლა საკონსტიტუციო კომისიის გამოყენებით ხდება მისი დაქვემდებარებაც. მცირდება უფლებამოსილება და ასევე სრულიად აუხსნელად და არალოგიკურად იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი“ , – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მანანა ღოღობერიძე