„დღესაც ვთხოვთ მათ,რომ გადმოდგან თანმხვედრი ნაბიჯი. „ცენტრპოინტს“ აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება მიწების სახით,რომლის რეალიზაციითაც ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. სახლში ეს ფული ტომრებით არავის ულაგია“. ამის შესახებ რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„საინტერესოა და ეჭვს ბადებს, დღეს რატომ ალაპარაკდა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე, როდესაც სამი წელია ვიხვეწებით, პროკურატურასთან ყოველდღიურ რეჟიმში მაია რჩეულიშვილიც კი იხვეწებოდა, ქონებაზე ყადაღა მოეხსნათ, რათა მომხდარიყო მისი რეალიზაცია და ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება. პროკურატურას ამის გაგონებაც არ უნდოდა. დღეს როდესაც დაზარალებულებმა მიიღეს ის, რაზეც დიდი ხანია ვაფრთხილებდით,რომ პროკურატურა მათ ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებდა და როდესაც პროკურატურასთან მივიდნენ დაზარალებულები, ახლა გაახსენდათ,რომ საპროცესო შეთანხმება შევთავაზეთ.
კომპანიის აქტივი არის დიდი რაოდენობით უძრავი ქონება,რომელიც პროკურატურას აქვს დაყადაღებული. ყველა მიწის ნაკვეთი უნდა მიებას ერთ კონკრეტულ ობიექტს, მოხდეს მისი რეალიზაცია და შემოსული თანხით დასრულდეს კონკრეტული ობიექტები. ამას უნდა მივყვეთ სახელმწიფოს და პროკურატურის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.დიდი სიამოვნებით გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, თუ გვეცოდინება, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, ქონებას ბიუჯეტში არ შეიტანენ და ორივე მხარე იქნება კმაყოფილი“ , – განაცხადა მარინე ცუცქირიძემ.
მანანა ღოღობერიძე