13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა ის საერთოდ მომავალში. ამ გამოწვევების ფონზე გადაწყდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის განთავსება.
ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარზე იქნება განთავებული. გასართობი ატრაქციონები არ იქნება, თუმცა სათავგადასავლო და სპორტული აქტივობების გაკეთება იგეგმება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ესაუბრა. მან ასევე გვითხრა იგეგმება თუ არა ახალი ცხოველების ჩამოყვანა და რითი იქნება ახალი ზოოპარკი გამორჩეული.
რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობა და როდის იგეგმება პროექტის დასრულება?
– მიმდინარეობს და მალე დასრულდება დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა. დაწყებულია ასევე ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა დამთავრდეს ივნისის ბოლოსთვის. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს წელსვე ერთი-ორი ვოლიერის მშენებლობა კავკასიური ფაუნის ექსპოზიციისათვის. ჯერჯერობით, სულ ეს არის.
პროექტის დასრულება დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ვნახოთ, დაფინანსებას როგორ მოვიპოვებთ. ვმუშაობთ სხვადასხვა დონორებთან და ველოდებით დაფინანსებას.
ვვარაუდობთ, რომ, როდესაც ახალი ვოლიერები გაიხსნება შესაძლებელი იქნება უკვე ვიზიტორები მივიდნენ. მთლიანი ზოოპარკის გახსნას დიდი დრო დასჭირდება. ანუ გახსნაში რას ვიგულისხმებთ ამაზეა დამოკიდებული.
გარკვეული სანახაობა უკვე არის – დათვები, მგლები, იქვეა ჩვენი საცხენოსნო კლუბი, ირმები, ნიამორები, კავკასიური ნაგაზები.
რამდენ ჰექტარზე განთავსდება ახალი ზოოპარკი? რითი იქნება ის გამორჩეული?
– 48 ჰექტარია. საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიაა ზოოპარკისთვის.
რაც შეეეხება იმას, თუ რითი გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, ესაა ფართობი, რომელზეც დამოკიდებულია ბევრი რაღაცები. მათ შორის, ბარიერების დიზაინი. თუ აქ, მაგალითად, პატარა ტერიტორიაზე არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ ფართო თხრილები, იქ ამის შესაძლებლობა გვექნება. იმიტომ რომ, იქ თავისი პარამეტრები აქვს თხრილებს, გააჩნია რომელი ცხოველითვის რა კეთდება. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი და ღრმა არის. პატარა ზოოპარკში კი დიდ ტერიტორიას იკავებს და ვოლიერების ადგილი არ რჩება. თუმცა, იქ ეს შესაძლებელია და ამ მხრივ ის გვაძლევს საშუალებას, რომ დამთვალიერებელმა ეს ცხოველები ნახოს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ხილული ბარიერების გარეშე.
ბიუჯეტზე რომ გვითხრათ, რამდენი ლარია გამოყოფილი თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტისთვის?
– გამოყოფილი ასე არ არის ჯერჯერობით. თუმცა, არის რაღაც ნაწილი ჩვენს არსებულ ბიუჯეტში, რომელიც მიმართული იქნება მშენებლობისა და დაპროექტებისკენ… ბევრი რაღაცებია გასაკეთებელი. არის საკითხები, რომლებსაც მაინცდამაინც არც ერთი დონორი სიხარულით არ ხვდება და რომელიც ჩვენი გასაკეთებელი იქნება. მაგალითად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
რა ეღირება ახალ ზოოპარკში შესვლა, დარჩება თუ არა ისევ ძველი ფასები? დამატებით თუ იგეგმება ზოოპარკისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანა?
– არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ჯერ ავაშენოთ და ფასის დადგენა ადვილი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ფასი არ უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხმა შემოსვლა ვერ შეძლოს. ზოგადად, ზოოპარკებში შესვლა საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს რეალური ფასი.
რაც შეეხება ცხოველებს, ახლა ჩამოვლენ კენგუროები, ჩამოვა ვეფხვი, ფაფრიანი ცხვრები. მალე ჩამოვლენ ასევე პინგვინები.
რისი გაკეთება იგეგმება ზოოპარკის გადატანის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე?
– ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. როგორც ვიცი, აქ პარკის გაკეთებას აპირებენ, თუმცა, ეს ზოგადი ინფორმაციაა. კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ.
ახალ ზოოპარკში გასართობი ატრაქციონები თუ იქნება?
– გასართობი ატრაქციონები არ იქნება, თუმცა სათავგადასავლო და სპორტული აქტივობების გაკეთება იგეგმება. მაგალითად, კლდეზე ცოცვა. ასევე დამთვალიერებელს შეეძლება ცხენები დაიქირაოს და გაისეირნოს და ა.შ. ანუ რაც დაკავშირებულია თავგადასავალთან და სპორტთან… ტრადიციული კარუსელები არ იქნება.
ნინო მაზიაშვილი