„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენების იდეა ცნობილ ქართველ პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის,  საქართველოს ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. 2015 წელს „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. პროექტი მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე; განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე.

დაიწყო თუ არა „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელება, როდის დასრულდება და რამდენი ლარია გამოყოფილი პროექტის ბიუჯეტისთვის. ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა.

დაიწყო თუ არა „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელება? რამდენ ხანს გაგრძელდება? როდის დასრულდება?

უპირველეს ყოვლისა, „ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელებულა. ეს არის მსოფლიო დონის ატრაქციის მოწყობა ამ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლზე. იცით, რომ 2015 წელს მივანიჭეთ მას ძეგლის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობაა. იგი მსოფლიო ხუთეულში შედის თავისი გაბარიტებით, სიმაღლით, სიგრძით და ა.შ, თავისი საინჟინრო გადაწყვეტით. მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონის და არა მარტო რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის და შეიძლება ვივარაუდოთ, თვითონ კავკასიის რეგიონის ტურისტული ცენტრი. ამიტომ, ჩვენი სააგენტოს მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინიტროს, ესტონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოიძებნენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც შეადგინეს კონცეფცია. მთავრობამ ეს კონცეფცია მიიღო, მოიწონა და შეერქვა მას საუკუნის პროექტი. ამის შემდეგ დაიწყო „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც გულისხმობს ამ კონცეფციის შესაბამისად მთელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე იმ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც არის კონცეფციაში წარმოდგენილი. ეს არის აღმოჩენათა ცენტრის, იგივე „დისქავერ“ ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ლანდშაფტის რეაბილიტაცია, ლიფტი – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარე ლიფტი იქნება მსოფლიოში,  საბაგირო გზა, წყლის ენერგიის გამოყენება, რომელშიც იგულისხმება წყლის ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარება –  კატარღები, კატერები და სანაოსნო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით, ტექნიკური მახასიათებლებით და ყველაფრით, შედგენილი გვექნება წლის ბოლოს. ხოლო ფიზიკური სამუშაოების  განხორციელებას დავიწყებთ 2018 წელს. 5 წლიანი პროექტია და ამ დროის განმავლობაში ეტაპობრივად მოხერხდება თითოეული სეგმენტის განვითარება. ეს იქნება არა მარტო ტურისტულ სეზონზე გათვლილი, არამედ მთელი წლის განმავლობაში – შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროგრამები, ატრაქცია.

პირველი ნაბიჯი იქნება, როგორც შევთანხმდით, თვითონ „დისქავერ“ ცენტრის პროექტი და მისი განხორციელება ანუ რეაბილიტაცია და აშენება. ამ ნაბიჯებთან ერთად იქნება აუცილებლად გარე ლიფტის თემა და სავარაუდოდ, ზიპლაინი. ამის პარალელურად გვექნება პროექტი, რომ დავიწყოთ მუშაობა საბაგირო გზისა და სანაოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. იქნება ასევე პარკინგი თავისი ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 200 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეგიონისთვის საკმაოდ დიდ შემოსავლებზეა გათვლილი. ასე რომ, გეგმები ძალიან დიდია და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადადგმული…

რა მიზნით ხორციელდება ეს პროექტი?

– ვფიქრობ, ენგურჰესი არის იმის მაგალითი, თუ როგორ ახლებურად შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება. კულტურული მემკვიდრეობა ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების პოტენციალს შეიცავს. აქედან გამომდინარე, კულტურულ მემკვიდრეობაზე თანამედროვე მიდგომები, მისი თანამედროვე ხედვებით დატვირთვა შედეგის მომტანი იქნება ნებისმიერი რეგიონისთვის.

მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს პროექტი ხორციელდება, ის არის, რომ ეკონომიკურად სტაბილურობა მოუტანოს რეგიონს, ტურიზმი განვითარდეს, ცნობადობა ამაღლდეს.   ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ ენგურჰესის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენაზე. უბრალოდ, ამას მეტი მუშაობა და დრო სჭირდება. მართალია ვმუშაობთ, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენა არის დიდი სამომავლო გეგმა, მაგრამ პირველი ნაბიჯები, რომ მისი ინფრასტრუქტურა გაჯანსაღდეს, კონკრეტული შედეგები მოიტანოს რეგიონისთვის და თითოეული იქ მცხოვრები მოქალაქისთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

რამდენი ლარია გამოყოფილი პროექტის ბიუჯეტისთვის და ვინ აფინანსებს ამას?

ენგურჰესის განვითარებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 700 ათასი ევრო, რომელიც მოიცავს 50 მიმართულების პროექტის მომზადებას. ისიც კი იქნება გათვალისწინებული, რომ მთელი ამ  ინფრასტრუქტურის მართვა ერთი კომპიუტერული პროგრამით მოხდეს. ძალიან შემჭიდროვებული თანხებით დიდი საქმე კეთდება. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კომპანიები ამ თანხაში ვერ ჩაეტეოდნენ. საინტერესოა რომელი ორგანიზაციები შემოვლენ. მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არ არის ძეგლზე სამუშაოები, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობა – იქ ლიფტის თემა, ასევე გასათვალისწინებელი იქნება უსაფრთხოების ნორმები… ყველა ის ნიუანსი, რაც კი ადამიანის უსაფრთხოებას, უსაფრთხო გადაადგილებას, დათვალიერებას, ინტელექტის ამაღლებას, მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება.

ამას აფინანსებს ენერგეტიკის სამინისტრო. სააგენტო ამ შემთხვევაში არის  იდეის ავტორი. თუმცა, ჩვენ ყველა პროცესში ვიქნებით ჩართულები, რადგან ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დაფინანსება კი სრულად ენერგეტიკის სფეროდან მიმდინარეობს.

ნინო მაზიაშვილი

 

 

(Visited 137 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*