საქართველო ტურისტებისთვის ყოველთვის სასურველ ქვეყნად ითვლებოდა. ამჟამად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოდიან, ხშირად აქვე მკვიდრდებიან კიდეც. თბილისის გარკვეულ უბნებში შეიძლება ქართველზე მეტ უცხოელსაც კი შეხვდეთ. იმის გასარკვევად, თუ რა ხიბლავთ უცხოეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში, თუ რა უბიძგებთ მათ საქართველოში დასახლებისაკენ და, ზოგადად, როგორ მოსწონთ ქართველი ხალხი, „თბილისი თაიმსი“ დედაქალაქში, კერძოდ დავით აღმაშენებელზე მყოფ უცხოელებს ესაუბრა.
ჯალალი, ერაყიდან: „3 წელია საქართველოში ვცხოვრობ, თავდაპირველად აქ ტურისტად ჩამოვედი, თქვენი ქვეყანა ისე მომეწონა, გადავწყვიტე ჩემი აქ ყოფნის პერიოდი გამეხანგრძლივებინა. ახლა, წასვლას აღარც კი ვფიქრობ. ჩემი თანამოქალაქეების მიერ გახსნილ სასტუმროში ვმუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველო ჩემი მეორე სამშობლო გახდა.“
მუჰამედი, საუდის არაბეთიდან: „ძალიან კარგი ქვეყანა გაქვთ. აქ ჩემს მეგობარს სასტუმრო აქვს გახსნილი და დამპატიჟა. მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ძალიან ლამაზი ადგილებია, უბრალოდ ხალხი ცოტა უცნაურად გვიყურებს, ვერ გამიგია რატომ.“
ტურისტი პაკისტანიდან: „მე და ჩემი ცოლი ერთი კვირაა რაც საქართველოში ვართ. აქაურობა ძალიან მოგვწონს. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ. ქართველები ძალიან ლამაზები ხართ. ვფიქრობთ, აქ დასახლება და ბიზნესის წამოწყება კარგი იდეაა.“
ჰიურემი, თურქეთიდან: „საქართველო მომწონს, მაგრამ მგონი ქართველებს არ მოვწონვართ, უცხოელებისკენ მკაცრი გამომეტყველებით იყურებიან.“
ტურისტი ერაყიდან: „საქართველოს სილამაზის შესახებ ბევრი ნაცნობისგან გამიგია, მაგრამ იმაზე ლამაზი ყოფილა, ვიდრე მეგონა. ძალიან მომწონს ქართველი ქალები, ულამაზესები არიან.“
კაპილა, ინდოეთიდან: „საქართველო ლამაზი ქვეყანაა, ბიზნესის კუთხითაც მომგებიანია. ხალხიც კარგია, ადრე ჩვენი დანახვა უფრო უკვირდათ, ახლა ისე აღარ ოცდებიან. აქ ჩემი მაღაზია მაქვს და კარგადაც ვვაჭრობ. სამშობლოში დაბურნებას ჯერ არ ვგეგმავ.“
ტურისტი ირანიდან: „2 დღის ჩამოსული ვარ და აქაურობა უკვე ძალიან მომწონს. ადგილებიც ლამაზი გაქვთ და ხალხიც ლამაზია, ხშირად ჩამოვალ ხოლმე.“
უნდა ითქვას, რომ თბილისში უცხოელების მიერ გახსნილ სასტუმროებში მეტწილად ქართველები არიან დასაქმებულნი, მაგრამ, როგორც სასტუმროების თანამშრომლებმა „თბილისი თაიმსთან“ საუბარში აღნიშნეს, მათ ქართველი სტუმარი არ ჰყოლიათ, უცხოელების სასტუმროებს მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ.
ნინო ზარიძე