„მუსლიმებსა და იუდეველებს (ებრაელებს) ევროპაში საერთო მიზანი აერთიანებთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთად გაუმკლავდნენ რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმას და დაიცვან რელიგიური თავისუფლება“ – წინასაპასექო გამოსვლაში განაცხადა ევროპის რაბინთა გაერთიანების პრეზიდენტმა და მოსკოვის მთავარმა რაბინმა ფინხას გოლდშმიდტმა. მან აღნიშნა, რომ ულტრანაციონალისტური პარტიების მომრავლება და ბრექსიტის შედეგად ევროკავშირისადმი მიყენებული ზიანი იუდეველ და მუსლიმ უმცირესობათა უსაფრთხოებასაც დაემუქრება.
„იქ, სადაც ტოლერანტობაა სხვათა ენის, კულტურის, რელიგიისა თუ ტრადიციების მიმართ, ჩვენ, ებრაელები, თავს უფრო მიღებულად ვგრძნობთ. ახლა, როცა ულტრანაციონალისტური ქარი იწყებს ქროლას, ეს ჩვენ თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს. ისლამური ტერორიზმის შიშით, ევროპა ახლა ანტისაიმიგრაციო ზომებითაა დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ პრობლემათა გადაჭრით დაკავდეს.“ – განაცხადა ფინხასმა და ამ პრობლემათა შორის ჩამოთვალა ბოლოდროინდელი მოწოდებები მეჩეთების დაკეტვასთან დაკავშირებით – ჰალალისა და ქოშერის ხორცის მისაღებად ჩატარებული რიტუალების წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლები, მუსლიმთა და ებრაელთა წინადაცვეთის ტრადიციის კანონგარეშედ გამოცხადება და გასულ თვეში ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, რომ დამსაქმებელს უფლება მიეცეს დასაქმებულს ისეთი სამოსის ტარება აუკრძალოს, რომელზეც რელიგიური სიმბოლოები იქნება გამოსახული.
რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შედეგად, მუსლიმ-ებრაელ ხელმძღვანელთა საბჭო შედგა 2015 წელს. საბჭოს ლიდერთა განცხადებით, ეს ევროპაში მუსლიმთა და იუდეველთა პირველი საერთო პლატფორმაა.
რაბინმა ფინხას გოლდშმიდტმა ტერორიზმზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისლამური ტერორიზმი საფრთხეს წარმოადგენს და ეს საფრთხე ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს არაერთხელ დამუქრებიათ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად დაინახონ ის წითელი ხაზი, რომელიც ისლამურ ტერორიზმს მიჯნავს ისლამისგან და ამ უკანასკნელს კი არ დაუპირისპირდნენ, არამედ რადიკალიზმს, რომელსაც ნორმატიულ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფინხასი ასევე „ფარული ანტისემიტიზმის“ საფრთხესაც შეეხო. მისი თქმით, ეს ანტისემიტიზმი გამოიხატება მოძრაობაში, რომელიც ბოიკოტს უცხადებს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების 50 წლიანი ოკუპაციის არაღიარებას. მისი განცხადებით, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს დელეგიტიმაციას ცდილობენ და სწორედ ეს არის ფარული ანტისემიტიზმის გაცხადება.
წყარო: theguardian
მარიამ ქალებაშვილი