„ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა, რუსეთი მართლა ცდილობს ასეთი ქმედებებით დააკანონოს ე.წ ახალი რეალობა, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად შეიქმნა“. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ აქტიური პოლიტიკა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა. აუცილებელია  ამ საკითხის მაქსიმალურად წინ წამოწევა და აქტუალიზაცია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხშია.

2012 წელს,როდესაც დიალოგი დავიწყეთ, მაშინაც ვამბობდით,რომ უნდა ვცადოთ ამ ჩიხიდან გამოსვლა. მაშინ როდესაც რუსეთი შენს ტერიტორიებს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და შენ ამბობ, რომ არც აპირებ ამასთან შეგუებას, თავისთავად ეს ჩიხური ვითარებაა.

ფაქტია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად განამტკიცა პოზიციები სამხედრო ნიშნით. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. ჟენევის ფორმატში განიხილება ყველაზე რთული საკითხები, ხოლო პრაღის ფორმატი უფრო კონკრეტულ საკითხებს განიხილავს,როგორიც არის ტურიზმი, ვაჭრობა. მაქსიმალურად ვცდილობთ,რომ გადაიდგას ნაბიჯი, თუნდაც მცირე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები