საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი – თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევი მიიღო.
შეხვედრა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობებს დაეთმო. მხარეებმა მიმოიხილეს, როგორც აქტუალური მიმდინარე საკითხები, ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ქართული მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს თურქმენეთთან სხვადასხვა სფეროში მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას.
თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-5 რაუნდი. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. პოლიტიკური კონსულტაციების დროს გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა მთელ სპექტრზე. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ 2017 წელს სრულდება საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე. შეთანხმდა, რომ ამ თარიღს მიეძღვნება რიგი ღონისძიებები.
კონსულტაციების მსვლელობისას, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური ენერგეტიკულ-სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობების სრულად ათვისების აუცილებლობაზე, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე, საქართველოს საზღვაო პორტების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე; სამართლებრივი ბაზის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე; ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე.
კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია რეგიონული და საერთაშორისო საკითხების თაობაზე. თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-6 რაუნდი გაიმართება მომავალ წელს ქ. აშხაბადში.