ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“,  პირველი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „თანამედროვეობა და ისლამი“. ღონისძიებას საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, ბაქოს ცენტრალური მეჩეთის წინამძღოლი ილგარ იბრაჰიმოღლი, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის თემატიკა მიზნად ისახავდა თანამედროვე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას, ისლამის სწორი ინტერპრეტირების ხელშეწყობას, სამეცნიერო საზოგადოების მეტ ჩართულობას, მსოფლმხედველობის არეალის გაზრდას, ისლამისა და მუსლიმი თემის მდგომარეობის ანალიზს საქართველოსა და მსოფლიოში.

მონაწილეები სიტყვით გამოსვლისას შეეხნენ რიგ საკითხებს, მათ შორის – ისლამის გლობალურ მდგომარეობას, მუსლიმ ქალთა უფლებების საკითხს, ახლად აღმოცენებულ რადიკალურ ორგანიზაციებსა და მათ მდგომარეობას ტრადიციულ ისლამთან მიმართებით; ასევე, რელიგიის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენებას და მისი შედეგებით გამოწვეულ პრობლემებს.

“უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი მუსლიმები ყოველთვის იყვნენ და არიან საქართველოს ნაწილი. ჰარმონიულად ცხოვრობდნენ მუსლიმები, ქრისტიანები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები ამ პატარა ქვეყანაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი კონფერენციები ისეთ ხიდს გადებენ, რომელიც ურთიერთსიყვარულისთვის იქნება.” – განაცხადა მუფთმა ბეგლარ ქამძემ.

კონფერენციის მიზანთან დაკავშირებით ისაუბრა თემურ გორგაძემ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:

“თანამედროვე მსოფლიოში ისლამი აღიქმება ძალიან ცუდად, ძირითადად გაიგივებულია ტერორიზმთან, სიბრმავესთან, გაიგივებულია უვიცობასთან. ამიტომ მუსლიმთა სამმართველომ გადაწყვიტა, გაემართა კონფერენცია “თანამედროვეობა და ისლამი”, და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების დახმარებით გაგვეანალიზებინა ის, თუ დღეს ისლამი და მუსლიმები რა მდგომარეობაში ვართ; რა ისტორიული წარსული და რა როლი გვქონდა საქართველოსთან მიმართებაში.”

დღეს მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის დაბადების 1446-ე წლისთავსაც აღნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ბათუმში ღონისძიება გაიმართა.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*