საქართველოში დასაქმების პრობლემა დღემდე ყველაზე აქტუალურია. მუშაობის მსურველთა რიცხვი სამუშაო ადგილების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება. ევროპის ქვეყნებში უმუშევრებს სახელმწიფო გარკვეულ კომპენსაციას ურიცხავს, შემდგომ კი დასაქმებაშიც ეხმარებიან. როგორც ცნობილია, ამ თემაზე მთავრობაშიც მსჯელობენ, რასაც ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს სიტყვები ადასტურებს: „ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზე მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც ყველაზე ოპტიმალური და რეალისტური იქნება.“ ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ეს საკითხი პროფკავშირებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა გადაწყდეს.

რამდენად რეალურია ჩვენი ქვეყნის პირობებში მსგავსი პროგრამის ამოქმედება და რა არის გასათვალისწინებელი სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნულ საკითხებნზე „თბილისი თაიმსს“ აკადემიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი, ავთანდილ სილაგაძე ესაუბრა.

როგორც ცნობილი გახდა, ჯანდაცვის სამინისტრო უმუშევარი ადამიანებისათვის კომპენსაციების გაცემის საკითხს განიხილავს. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?

 მივესალმები ინიციატივას. სხვა ქვეყნებში უმუშევარი ადამიანებისათვის კომპენსაციების დარიგების პრაქტიკა  დიდი ხანია დანერგილია, ამით ჩვენ საკმაოდ უკან ვართ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპენსაციებს სულ ვერ გასცემენ. ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო თვიურად გარკვეულ თანხას დაურიგებს, შემდგომ დასაქმებულნი უნდა იქნან, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი ეკონომიკური პირობები, რომ კომპენსაციები ვრცელი ვადით გაიცეს. უბრალოდ უმუშევარი ადამიანებისათვის ეს გარკვეული სტიმული უნდა იყოს.

დღევანდელი ეკონომიკური პირობების ფონზე, ამ იდეის ხორცშესხმა საქართველოში რამდენად შესაძლებელია?

– ზოგადად, საარსებო მინიმუმი 170 ლარის ოდენობით ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ სულ ცოტა უმუშევარ ადამიანებს კომპენსაციად ეს თანხა მაინც უნდა დაურიგდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ხარჯი იქნება, მითუმეტეს ჩვენი ეკონომიკური პირობების ფონზე, მაგრამ ეს მაინც უნდა გაკეთდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან ამ იდეის ხორცშესხმა უნდა მოხდეს.

როგორია თქვენი რეკომენდაციები, თუ ეს პროექტი ამოქმედდა,  ყურადღება რას უნდა მიექცეს?

– ამ პროექტის ამოქმედებისთვის მთავარია კომპენსაციამიღებული ადამიანებისათვის სამუშაო ადგილები დროულად შეთავაზებულ იქნას, სხვანაირად  უკეთეს შედეგს ვერ მივიღებთ.

ნინო ზარიძე

 

 

 

Please follow and like us: