„როცა სამართლებრივად იყო გამართული, რა თქმა უნდა გამომიწერია მაღალი ჯარიმა. როდესაც კახა ბუხრაძე დაინიშნა, მისი პირველი შეხვედრა ეხებოდა საჯარიმო სანქციებს. ელემენტარული 50-ლარიანი საჯარიმო ქვითრის ნაცვლად უნდა გაგვეტარებინა 200-ლარიანი“. ამის შესახებ ბათუმის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„პატრულ-ინსპექტორების მხრიდან ამას უკმაყოფილება მოჰყვა. მე კახა ბუხრაძესთან მქონდა დაპირისპირება, თითქოს მე ბუნტს ვტეხდი სამმართველოში და ამის გამო გამანთავისუფლებდა.მისი თქმით, ბათუმის სამმართველო იყო მოშლილი, სამართლებრივი პრობლემები იყო და იძახდა, რომ სიტუაციას დაალაგებდა.
რეალურად სამმართველო ჩვეულებრივი მუშაობის რეჟიმში იყო. ქალაქში არ იყო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული, საგზაო ნიშნებიც იყო გაუმართავი და ვითხოვდით, რომ პირველ რიგში ეს პრობლემა გადაჭრილიყო. შესაბამისი მონიშვნები და საგზაო ნიშნები არ იყო. პასუხად ვიღებდით,რომ მე ვიცი რასაც გავაკეთებო. ამას შემდეგ თანამშრომლების აგრესია მოჰყვა, აღარ გვქონდა შესვენება 24 საათის განმავლობაში” , – განაცხადა გია ხალვაშმა.
მანანა ღოღობერიძე