16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
17 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

ალბათ ბევრი ადამიანი დაინტერესებულა, როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი სწორად. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის დაარსების დღიდან იყო სხვადასხვა შეხედულება. შესაძლოა გაგჩენიათ ასეთი კითხვაც: ცოდვაა თუ არა პირჯვრის არასწორად გადაწერა? საერთოდ, რას ნიშნავს სწორად გადაწერა?

„თბილისი თაიმსი“ წინამდებარე სტატიაში გაგაცნობთ, თუ როგორ ისახავდნენ პირჯვარს ძველი ქრისტიანები და დღევანდელ დღეს რა განასხვავებს პირჯვრისწერის კათოლიკურ წესს მართლმადიდებლურისგან.

ვიდრე უშუალოდ ისტორიულ წყაროებზე გადავალთ, მსურს ერთი შემთხვევა გავიხსენო. რამდენიმე წლის წინ იტალიიდან ახალგაზრდა წყვილი იყო საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული. მცხეთის დედათა მონასტერს რომ ვტოვებდით, ასეთი რამ შენიშნეს: „აქ განსაკუთრებულად, მთელი სულითა და გულით იწერენ პირჯვარს, რაც ძლიერ ამაღელვებელია. ჩვენთან იშვიათად ნახავთ, ვინმე ასე გრძნობით იწერდეს.“

პირჯვარი ის სიმბოლური ჟესტია, რომელიც მართლმადიდებელთა მსგავსად, კათოლიკეებსაც ერთარსება ღმერთის სამბუნებოვნებისა და მაცხოვრის ქვეყნად მოვლინების შესახებ შეახსენებს. კათოლიკეები პირჯვრის გადაწერას იწყებენ ორი ხელის (ხელის გულების) შეერთებით, შემდეგ მარჯვენა ხელს შუბლთან მიიტანენ, ხელის თითები ისეა შეერთებული, როგორ მართლმადიდებელ ეკლესიაშია მიღებული: ცერა, საჩვენებლი და შუა თითი ერთად, საქორწინო თითი და ნეკი ხელის გულს ეხება. კათოლიკეთათვის სამი შეერთებული თითი სამებას აღნიშნავს, ხელის გულს დაყრდნობილი ორი თითი მაცხოვრის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შესახებ მიუთითებს. მარჯვენა ხელი იმას აღნიშნავს, რომ ძე მამის მარჯვნივაა მჯდომარე.

აქვე არსებობს კიდევ ერთი განმარტება, რომ სამი თითის შეერთებით მიიღება ამ ასოების კომბინაცია: I X C (Iesus Christus Soter), რაც ნიშნავს „იესო ქრისტე – მხსნელი, საჩვენებელი თითი აღნიშნავს I-ის, ცერა და შუათითის შეხებით მიიღება X, ხოლო ოდნავ მოხრილი შუათითი C-ს მოგვაგონებს.

კათოლიკე ქრისტიანი შეერთებული თითების შუბლთან მიტანისას წარმოთქვამს სიტყვებს „სახელითა მამისათა“, შემდგომ დაიდებს მკერდთან და იტყვის „და ძისათა“, მარცხენა და მარჯვენა მხრების შეხებისას წარმოთქვამს „და სულისა წმიდისათა“, მერე ისევ მკერდთან დაიდებს და დაასრულებს სიტყვებით „ამინ“.

პირჯვრის გადაწერის ამგვარი ტრადიცია სავარაუდუდ „დიდი სქიზმის“ პერიოდში, მე-11 საუკუნის პირველი ნახევარიდან უნდა დამკვიდრებულიყო, შესაძლოა ამ წესმა დასავლურ ეკლესიაში უფრო ადრეც დაიწყო გავრცელება. წყაროებში მითითებულია, რომ საეკლესიო განხეთქილებამდე, კათოლიკეებიც მართლმადიდებელთა მსგავსად იწერდნენ პირჯვარს. პაპის, ინოკენტ მე-3-ის (1198-1216) სწავლებაში აღნიშნულია შემდეგი: „პირჯვრის გამოსახვა სრულდება ზემოდან (შუბლიდან) ქვემოთ (მკერდის მიმართულებით), მარჯვენა მხრიდან à მარცხენა მხრისკენ. ეს წესი სიმბოლურად მაცხოვრის ციდან მიწაზე მოვლინებასა და მარჯვნიდან ანუ იუდეველებიდან მარცხნივ – წარმართებისკენ გადაადგილებას გულისხმობს.“ პაპი ინოკენტი იქვე დასძენს, რომ მიუხედავად დასავლთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში არსებული პირჯვრის გამოსახვის მსგავსებისა, დასავლეთში ახალი წესიც გავრცელდა. „თუმცა სხვები პრჯვარს მარცხნიდან მარჯვნივაც იწერენ, რადგან ტანჯვიდან (მარცხნიდან) დიდებაში (მარჯვნივ) უნდა ავმაღლდეთ, როგორც ქრისტე ამაღლდა სიკვდილიდან – სიცოცხლეში, ჰადესიდან – სამოთხეში. და რადგანაც ზოგიერთი (მღვდელი) პირჯვარს სწორედ ასე იწერს, მათ მორწმუნეებიც ბაძავენ“.

პირჯვრისწერის შესახებ სასულიერო თუ არასასულიერო მოღვაწეთა არაერთი წყარო მოგვეპოვება, მაგალითად გთავაზობთ ციტატებს ტერტულიანეს და კირილე იერუსალიმელის ჩანაწერებიდან, რაც ერთნაირად მისაღებია როგორც კათოლიკე ისე მართლმადიდებელი მორწმუნისთვის.

ტერტულიანე (II-III ს.ს) გვაუწყებს: “ყოველი წინსვლისა თუ დაწინაურების ჟამს, შინ შესვლისა თუ გამოსვლის ჟამს, ჩაცმისას, დაბანისას, ჭამისას, განთიადისას, დაწოლისას, დაჯდომისას, აგრეთვე, ყოველგვარი საუბრის ჟამს შუბლზე გამოვისახოთ ჯვარი“.

იმავეს იუწყება წმინდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.): “ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლებზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი – ჯვარი, აგრეთვე ყველაფერზე: საჭმელ პურებზე, სასმისებზე, შესვლისას, გამოსვლისას, ძილის წინ, დაწოლისას, ადგომისას, მოგზაურობისა თუ მოსვენების ჟამს…”

ჯვრის გამოსახვის პრაქტიკა გავრცელებულია ქრისტიანთა შორის უკვე მე-2 საუკუნეში. მე-7 საუკუნისის ჩათვლით მამები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით შუბლზე. მე-8 საუკუნის დამდეგიდან მკვიდრდება მარჯვენა ხელის პირველი სამი შეკრული თითით პირჯვრისწერა შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე, რასაც მე-13 საუკუნის დამდეგამდე ლათინებიც იცავდნენ.

ჯვარს შუბლზე გამოისახავდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც გვაუწყებს: აღბეჭდავენ მას ჩვენი ნაკვთების ყველაზე უფრო ღირსეულ ნაწილზეშუბლზე, და როგორც სვეტზე, ყოველდღე მასზე გამოსახულს დაატარებენ. გარდა შუბლისა ან პირისახისა, ზოგჯერ ჯვარს გამოისახავდნენ სხვა ნაწილებზეც, კერძოდ გულზე, პირზე, თვალებზე. ქრისტიანი პოეტის აურელიუს პრუდენციუსის (გარდაიცვალა მე-5 საუკუნის დასაწყისში) ერთ ლექსში ვკითხულობთ: “შუბლსა და გულის ადგილს ჯვრის სახით აღიბეჭდავს.“ აი, კიდევ გრიგოლ ნოსელის სიტყვები: “და პირჯვარი დაიბეჭდა მან თვალზე, პირზე და გულზე”.

საეჭვო არ არის, რომ შუბლზე და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებისას წერს შემდეგს: “არ არის გამართლებული ჯვრის გამოსახვა უბრალო თითით, არამედ, უპირველესად, გონებით, სარწმუნოებით, საქმისმიერი დადასტურებით; ამის შემდეგ თითითაც გამოისახე ჯვრის ნიშანი შენს პირზე”.

მიუხედავად წესების ცვლილებისა, შინაარსი არ შეცვლილა. ეს ქრისტიანული ჟესტი კათოლიკე თუ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ღმერთის გახსენებისკენ მოუწოდებს. ალბათ შემთხვევითი არ არის პირველ ქრისტიანთა მიერ პირჯვრის შუბლზე, თვალზე, პირზე თუ გულზე გამოსახვა, რისი მიზანიც ბოროტი აზრების, თვალით ცდუნებისა თუ ისეთი მეტყველების თავიდან არიდება უნდა იყოს, რაც ადამიანს სიკეთეს არ მოუტანს.

იოანე ოქროპირსაც თუ ვერწმუნებით, არ კმარა მხოლოდ გარეგნული გადაწერა ჯვრისა, არამედ მას თან უნდა ახლდეს შინაგანი განცდა, სარწმუნოება და გახსენება იმისა, თუ რისთვის ეცვა მაცხოვარი ჯვარს.“

წყაროები:ედიშერ ჭელიძე, ”ეკლესია – სძალი უფლისა”Catholic Education Resource Center

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 224 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*