საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც პატარები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ. ბავშვების სწორი კუთხით აღზრდისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, საბავშვო ბაღში აღსაზრდელთათვის ჯანსაღი გარემოს შეთავაზებაა. აქედან გამომდინარე, თბილისის საბავშვო ბაღებში გარდა ფსიქოლოგებისა, ლოგოპედებისა და სპეც პედაგოგების შტატი დაემატა. მათი გადამზადება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე დაიწყო. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს საკითხს ბაგა-ბაღებში ადგილების შეზღუდული რაოდენობა წარმოადგენს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ The Tbilisi Times-ს განუცხადა, სექტემბერში თბილისში 5 ახალი ბაღი გაიხსნება.
მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში რა ცვლილებები იგეგმება? ჯგუფებისა და აღმზრდელების დამატება გეგმაში რამდენად გაქვთ?
– 2017-2018 სააღმზრდელო წელი უმნიშვნელოვანესი სიახლით იწყება – სექტემბრიდან თბილისში კიდევ 5 ახალი ბაღი გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ 2000-ით მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდება და 315 ადამიანი დასაქმდება. ჯგუფების დამატება აღარ იგეგმება, რადგან 2016 წლის ბოლომდე ჩვენ არსებულ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების სრულად ათვისება შევძელით. მოგეხსენებათ, იყო უამრავი ბაღი, სადაც შენობების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობდა, სააგენტომ პრობლემის მოგვარება 2015 წლიდან დაიწყო, გარემონტდა ოთახები, დაემატა 100 ჯგუფი, რამაც როგორც გადატვირთული ჯგუფების განტვირთვას, ისე რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის ზრდასაც შეუწყო ხელი. დღესდღეობით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა გრძელდება. ამჟამად, 10 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი – 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში, ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც. პედაგოგების როლი გაძლიერდება. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ცვლილება რას შეეხება?
– ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც. პედაგოგების როლი უკვე ძალიან სერიოზულადაა გაზრდილი თბილისის საჯარო ბაღებში არსებულ სააღმზრდელო პროცესში, რადგან, მოგეხსენებათ, 2016 წლამდე ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგები არ მუშობდნენ, ლოგოპედებისა და სპეც. პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. გარდა იმისა, რომ დღეს ყველა ბაღში ამ სპეციალობის ადამიანები მუშაობენ, სააგენტო მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს და სწორედ ახლა – 24 აპრილიდან მათი გადამზადება დაიწყო. ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სპეციალური გზამკვლევი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეც. პედაგოგები ხელმძღვანელობენ. ამ გზით, თბილისის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთიანი სააღმზრდელო სპეციფიკისა და მეთოდიკის დანერგვა გახდა შესაძლებელი. სექტემბრიდან აღნიშნული სახემძღვანელო ყველა საბავშვო ბაღში შევა და შესაბამისი პროფილის პედაგოგები უკვე ამ გზამკვლევით იხელმძღვანელებენ.
საზაფხულო ბაღების შესახებ რას გვეტყვით, რეგისტრაცია როდიდან დაიწყება და ადგილები რამდენად შეზღუდული იქნება?
– საზაფხულო ბაღების საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.
ნინო ზარიძე