ბაჰაის სარწმუნოება მსოფლიო რელიგიაა, რომლის მიზანია მსოფლიოს ხალხთა გაერთიანება, განურჩევლად მათი რასისა თუ ეთნოსისა. ეს მოძღვრება სათავეს იღებს მე-19 საუკუნის ირანში. ადმინისტრაციული და სულიერი ცენტრი მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში. 1987 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა „მშვიდობის დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის” ბაჰაის საერთაშორისო საზოგადოებას “მშვიდობის ელჩის” წოდება მიანიჭა. ბაჰაიზმის მიმდევართა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 6 მილიონს აღწევს, საქართველოში მათი რიცხვი 400-მდეა. თბილისში ორი ოფისი აქვთ, ერთი – ადმინისტრაციული და მეორე სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. გარდა თბილისისა, წარმომადგენლობა აქვთ ბათუმშიც.

„თბილისი თაიმსი“ გთვაზობთ ინტერვიუს რაიან როუჰანთან (Rayan Rouhani), რომელიც საქართველოში ბაჰაის სარწმუნოების ეროვნული ასამბლეის წევრია. ის აგრეთვე საგარეო ურთიერთობებსაც უძღვება. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს, როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ის მოხალისედ იყო ჩაწერილი და საკუთარი მანქანით ტვირთი გადაჰქონდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი, საუდის არაბეთში გაზრდილი რაიან როუჰანი უკვე წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს და გარდა რელიგიური საქმიანობისა, მცირე ბიზნესითაა დაკავებული.

როდის და სად დაარსდა ბაჰაიზმი? ვინ იყო ფუძემდებელი?

 –  1863 წლის აპრილში ბაჰაულამ, ბაჰაის რწმენის დამაარსებელმა, თავისი ღვთიური მისიის შესახებ სჯაროდ განაცხადა ქალაქ ბაღდადში. ბაჰაულა 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რიდვანის ბაღში, სადაც თავის მიმდევრებს ახალი მისია გაანდო.

ბაჰაულა ხშირად ადარებს ადამიანთა მოდგმას “აყვავებულ ბაღს”, მშვენიერს მისი მრავალფეროვნების წყალობით, ყოველი სული ამატებს ბაღის მშვენიერებას რაღაცთავისს, და ყოველ ხალხს მოაქვს თავისი უნიკალური სურნელი. ადამიანი კი არის “საბადო, სავსე ძვირფასეულობით”. იმისათვის რომ მოიპოვო და დახვეწო “ძვირფასი ქვები”, აუცილებელია შესაბამისი განათლება და აღზრდა.“

როგორც ცნობილია, ბაჰაულამდე ადრე ქადაგებდა ვინმე ბაბი, რომელსაც იოანე ნათლისმცემელს ადარებენ. ვინ იყო ბაბი? რას ასწავლიდა?

 –   ეს იყო ახალგზრდა ვაჭარი ქალაქ შირაზიდან, სახელად მუჰამად სეიდალი, რომელმაც 1844 წელს ირანში ახალი რწმენის ქადაგება დაიწყო. მან მიიღო ,,ბაბის” ტიტული, რაც ნიშნავს კარიბჭეს. ათასობით ადამიანმა ირწმუნა მისი, რამაც ისლამის მიმდევრებში რისხვა გამოიწვია. ბაბი მკაცრად კიცხავდა ისლამის მსახურთა უმეცრებასა და პირმოთნეობას, მოუწოდებდა ზნეობრივ სიწმინდისკენ. ბაბმა გამოაცხადა, რომ არ გაივლიდა ცხრამეტი წელი, რომ ღმერთი თავის რჩეულს გამოავლენდა. ეს ადამიანი კი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მისი მოწაფე ბაჰაულა იყო. ბაბი ტყვედ აიყვანეს და დასაჯეს. მთელს ირანში მრავლდებოდა სისხლიანი რბევები. ისინი, ვინც გადარჩნენ, თავიანთ რწმენას საიდუმლოდ ინახავდნენ. სამწუხაროდ, ბაჰაიზმის მიმდევართა დევნა ირანში დღემდე გრძელდება.

ბაჰაულა როგორ გადაურჩა დევნას?

 –  ბაჰაულა მირზა ჰუსეინ ალი ირანელი მემამულე იყო. ოჯახისა და დიდგვაროვანთა გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეუერთდა ბაბს. დევნას თავის სოციალური მდგომარეობის გამო გადაურჩა. მოგვიანებით მაინც დააპატიმრეს და სწორედ პატიმრობაში ყოფნისას შეიცნო, რომ თავად არის ის აღთქმული, რომელზეც ბაბი წინასწარმეტყველებდა. ციხიდან განთავისუფლებული სასწრაფოდ ბაღდადში განდევნეს და იქ თითქმის ათი წელი გაატარა. ბაღდადიდანაც გააძევეს კონსტანტინეპოლში, შემდეგ ადრიანოპოლში. ამ დროს დაწრა ”სიგელეები მეფეებს”, რომელშიც მიმართავდა თურქეთის სულთანს, სპარსეთის შაჰს, ნაპოლეონ მესამეს, საფრანგეთის იმპერატორს, რომ ყოფილიყვნენ სამართლიანები, მოეგვარებინათ უთანხმოებები და შეემცირებინათ შეიარაღებ. მსგავსი მიმართვები გაუგზავნა დედოფალ ვიქტორიას, რუსეთის იმპერატორს, პაპ პიუ მეცხრეს, გერმანიის კაიაზერს და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორს. ბოლო გადასახლებისას, 1868 წელს, ბაჰაულა ისრაელში ციხე-სიმაგრე აკკაში გააგზავნეს, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

რას ქადაგებს ბაჰაიზმი? არის ეს რელიგია თუ ცხოვრების განსხვავებული წესი?

 –  ბაჰაულას სწავლებები თავის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მათ შორისაა: საღვთო გამოცხადების ბუნება და მიზანი, ადამიანთა თანდაყოლილი კეთილშობილება, სულიერი თვისებების განვითარება. ბაჰაულა ასევე ქადაგებდა საყოველთაო მშვიდობის დამყარებას და განმარტავს იმ სოციალურ პრინციპებს, რომლებიც საკაცობრიო მშვიდობას უკავშირდება. ეს, ერთი შეხედვით, უტოპიური პრინციპები ბაჰაიზმის მიმდევარისთვის რეალური და განხორციელებადი პრინციპებია, რისი მიღწევაც ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ და ინსტიტუციონალურ დონეებზე. ბაჰაი სწავლების თანახმად, კაცობრიობის არსებობის მიზანი  ღმერთის შეცნობასა და მასთან მიახლოებაში მდგომარეობს. ღმერთი – ყოველივე არსებულის შემოქმედი – იმდენად აღმატებულია ყველა ქმნილებაზე, რომ ადამიანური გონება ვერასოდეს შეიცნობს მას სრული ზომით.

ბაჰაი რწმენის ძირითადი პრინციპია:

  • ღმერთი ერთია ყველა რელიგიის მიმდევრებისა და მთელი კაცობრიობისათვის.
  • ადამიანთა გამყოფელი ნებისმიერი ცრურწმენა, იქნება ეს რასობრივი, ნაციონალური, კლასობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური, უნდა დარჩეს წარსულში.
  • მამაკაცებს და ქალებს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ. ისინი ფრინველის ორი ფრთის მსგავსი არიან. სანამ ერთ-ერთ ფრთას არა აქვს თავისი ყველა შესაძლებლობის გამოვლენის შესაძლებლობა, კაცობრიობის ფრინველი მთელი ძალით ვერ აფრინდება.
  • მოწოდებულია რელიგია იყოს თანხმობაში გონებასა და მეცნიერებასთან.
  • ჭეშმარიტი რელიგია წარმოადგენს სიყვარულსა და მეგობრობას. ის მოწოდებულია ადამიანთა გასაერთიანებლად, და არა მათ შორის მტრობის დასათესად.
  • ყოველ ადამიანს შეუძლია და ვალდებულია დამოუკიდებლად ეძიოს ჭეშმარიტება: მაგრამ მან ბრმად არ უნდა მიიღოს ტრადიციული ან ახალი სწავლება.
  • ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი აღზრდა და განათლება.
  • უნდა შემცირდეს ის უფსკრული, რომელიც უკიდურეს სიღარიბესა და უკიდურეს სიმდიდრეს შორისა.
  • სამყაროს ესაჭიროება დამხმარე ენა. უნივერსალური ენის არსებობა გაადვილებდა ყველა ერის ურთიერთდამოკიდებულებას.
  • აუცილებელია ხალხთა მსოფლიო ფედერაციის შექმნა საყოველთაო მშვიდობისა და თანხმობის მისაღწევად პლანეტაზე.

აღგვიწერეთ სასულიერო იერარქია.

–  ბაჰაულას ძირთადი მოწოდება იყო ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიება, შეცნობა საკუთარი თავისა და ღვთაებრივი სიმართლისა, ამიტომაც გააუქმა სასულიერო პირების ინსტიტუტი. სასულიერო პირების დანიშნულება ის იყო, რომ წერა-კითხვა გაევრცელებინათ, საკუთარი რწმენის შესახებ ჩაეწერათ ან სხვისთვის ეთხოვათ ამ საქმის გაკეთება. დღეს ამის საჭიროება აღარ დგას და ბაჰაი მოწოდებულია თავად ეძიოს ჭეშმარიტება. გარდაცავალების წინ ბაჰაულამ დატოვა ანდერძი, მის მიერვე ხელმოწერილი, სადაც განაცხადა, რომ საკუთარი ქადაგების ინტერპრეტაციისა და რწმენის გავრცელების უფლებას თავის შვილს აბდუ’ლ-ბაჰას აძლევდა. ამ უკანასკნელმა გარდაცვალების წინ ეს საქმე თავის შვილიშვილს შოღი ეფენდის გადააბარა. სამწუხაროდ, შოღი ეფენდის შთამომავლობა არ ყოლია. თუმცა ამას რწმენის გავრცელებისთვის ხელი არ შეუშლია. შოღი ეფენდი, მისი წინამორბედის მსგავსად, ბევრს მოგზაურობდა და ლონდონში გარდაიცვალა.

თუკი ბაჰაიზმი ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიებას ქადაგებს, რა ფუნქცია აქვს აღნიშნული რელიგიის ადმინისტრაციულ ორგანოებს?

–  სასულიერო იერეარქიის ნაცვლად, ბაჰაულას ქადაგებისამებრ, დაარსდა ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანოები სხვადასხვა პრაქტიკული საკითხების მოსაწესრიგებლად: ქორწინებისა თუ განქორწინების საკითხები, ადამიანის გარდაცვალება თუ ყოფითი პრობლემები ამ ინსტიტუტის მონაწილეობით გადაიჭრება. ყველა სახელმწიფოში, სადაც ბაჰაის რწმენაა გავრცელებული, ადგილობრივი და ეროვნული ასამბლეები არსებობს, რომელიც, თავის მხრივ სამართლიანობის უზენაეს სახლს ექვემდებარება. ბაჰაის მიმდევრები ჯერ ეროვნულ ასამბლეას ირჩევენ, რომელიც ცხრა ადამიანისგან შედგება, ეს უკანასკნელნი კი უზენაეს ორგანოს ირჩევენ. სამართლიანობის უზენაესი სახლის წარმომადგენლები 1963 წლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩევიან. მათ აქვთ უფლებამოსილება, გადაწვიტონ ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ბაჰაულას ნაწერებში და თანამედროვე მსოფლიოს პირობებში წარმოიქმნებიან.

სად იკრიბებიან მისი მიმდევრები? მიღებულია თუ არა ხატების ან მსგავსი გამოსახულებების ქონა? გაქვთ თუ არა მარხვის ტრადიცია?

 –  ბაჰაის რწმენის ტაძრები შვიდივე კონტინენტზე არსებობს. მათ შორის ყველაზე ახალი ჩილეში აგებული სალოცავია. საინტერესოა, ინდოეთში არსებული ტაძარიც, რომელსაც ლოტოსის ფორმა და ცხრა კარიბჭე აქვს. ცხრავე კარიბჭე ღიაა მათთვის, ვისაც უბრალოდ ტაძრის მონახულება ან ლოცვა სურს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.  ადამიანის სული ვითარდება ლოცვითა და წმინდა ნაწერების შესწავლით. ბაჰაებს განწესებული აქვთ ყოველდღიური სავალდებულო ლოცვის შესრულება, რომლის დროსაც ვდგებით სახით ჰაიფას მიმართულებით. ხატები არ გვაქვს. ერთი ფოტო ბაჰაულასი ქ. ჰაიფაში ინახება. მისი უფროსი ვაჟის აბდუ’ლ-ბაჰას სურათი ყველას გვაქვს სახლებში. მარხვა განიხილება როგორც სულიერი განწმენდა, დრო გასულ წელზე დასაფიქრებლად. ის არის შეხსენება მდაბალ სამყაროსთან მიჯაჭვულობაზე და არის სიმბოლო თავშეკავებისა.

არის რაიმე განსხვავებული რიტუალი, რასაც აღასრულებთ, მაგალითად ქორწინებასთან დაკავშირებული?

 –  რაიმე განსხვავებული რიტუალები არ გვაქვს, მაგრამ ქორწინებამდე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების თანხმობის მიღება. მშობლებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შვილების სასარგებლოდ, ყოველგვარი ცრურწმენების, რასიზმისა ან რაიმე ფობიაზე დაფუძნებული წინასწარი განწყობის გარეშე.

18 წლამდე გულისხმობთ?

–  არამხოლოდ 18 წლამდე. რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ დაქორწინების მსურველები, მათ მშობლებისგან თანხმობა უნდა მიიღონ. მიზეზი ის გახლავთ, რომ ოჯახს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და თანხმობა ჰარმონიული ურთიერთობებისთვისაა საჭირო. თუკი ოჯახში არ არის ერთიანობა და სიმშვიდე, როგორღა უნდა მოველოდეთ მსოფლიო მშვიდობის დამყარებას?

განქორწინებაზე რას იტყვით, ამ დროსაც საჭიროა თანხმობის მიღება?

 –  ამ დროს მშობლების თანხმობა არ არის საჭირო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ქორწინების გადასარჩენად. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ასამბლეის წვლილიც, რომელიც წყვილს ერთი წლის ვადას აძლევს, რომ გადახედონ ურთიერთობებს და შეინარჩუნონ ცოლქმრული კავშირი. თუ ამ ერთი წლის გასვლის შემდეგ წყვილს მაინც სურს განქორწინება, მაშინ განქორწინდებიან კიდეც.

თქვენი რწმენით, არსებობს თუ არა სული და რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

 –  სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს სიცოცხლეს. სულის მდგომარეობა კი დამოკიდებულია იმ ძალისხმევაზე, რასაც ადამიანი ამ სამყაროში სულიერი თვისებების შესაძენად გაიღებს. “სამოთხეს” აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და ღმერთთან სიახლოვეს ნიშნავს, “ჯოჯოხეთი” კი არის მდგომარეობა, რომელიც უარყოფს ღმერთს და შორსაა მისგან.

რა იგულისხმება ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიებაში? როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ჭეშმარიტების ძიება სურს?

 –  უპირველეს ყოვლისა, ასეთ ადამიანს ვურჩევდი, რომ ბევრი იკითხოს. კითხვა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ლოცვასა და მსჯელობას, მიზეზ-შედეგობრიობაზე ფიქრს შეუძლია დახმარება გაგვიწიოს სიმართლის ძიებაში. როგორც ბაჰაულა გვასწავლის, ძალიან მნიშვნელოვანია მიკერძოებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე მოვიძიოთ ჭეშმარიტება, რადგან მიდგომას „მომწონს“ ან „არ მომწონს“ შეუძლია სწორი გზიდან აგვაცდინოს. შესაძლოა სწორედ ის გზა აღმოჩნდეს სწორი, რომელიც არ ვირჩიეთ, რადგან არ მოგვწონდა.

როგორ გესახებათ ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი პრინციპის განხორციელება? მაგალითად უკიდურესი სიღარიბისა და სიმდიდრის დაბალანსება, გენდერული თანასწორობა?

 –  კონკრეტული გზები ამ მიზნების მისაღწევად დასახული არ არის და არც ისე მარტივია, მაგრამ გვწამს რომ შესაძლებელია, რადგან მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა. აუცილებელია საყოველთაო მშვიდობის მიღწევა, მაგრამ ბაჰაულას ვაჟის აბდუ’ლ-ბაჰას სიტყვებს თუ ვერწმუნებით, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია იქნება მანამ, სანამ ქალები და მამაკაცები თანასწორნი არ იქნებიან, სანამ განათლება არ იქნება ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი…

რელიგიისა და მეცნიერების შეთავსებაზე რას იტყვით?

–  რელიგია და მეცნიერება – ორი თვალია, რომელთა მეშვეობითაც რეალობის დანახვა შეგვიძლია. მეცნიერების დახმარებით შეგვიძლია აღვიქვათ ღმერთის დიდებულება, გამოვიკვლიოთ მისი ჩანაფიქრი. მეცნიერება ადამიანის აზროვნების შედეგია, რომელიც არ უნდა უარვყოთ.

რამდენად მიღებულია, მაგალითად, ისლამის ან ქრისტიანობის მიერ აღიარებული წინასწარმეტყველები ბაჰაის სარწმუნოებისთვის?

 –  დიახ, იმისათვის, რომ გახდე ბაჰაი, უნდა შეგეძლოს წარსულის ყველა რელიგიის მიღება, რადგან ყველა ეს რელიგია ღმერთისგანაა. შეუძლებელია იყო ბაჰაი და თქვა, რომ ქრისტიანობის არ გჯერა, შეუძლებელია გწამდეს ბაჰაულას წინასწარმეტყველების და არ გწამდეს მოსეს, იესოს ან მუჰამედის წინასწარმეტყველებებისა. ამრიგად, ჩვენ ვაღიარებთ წარსულის რელიგიებსა და პატივს მივაგებთ მათ წმინდა წიგნებს.

როგორ შეიძლება ზოგიერთი დოგმატური საკითხის შეთავსება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიასა და ყურანს ბევრი აქვთ საერთო, ისლამში ქრისტე განიხილება არა როგორც სამების ჰიპოსტასი, არამედ როგორც მოციქული ღმერთისა. ასეთი დოგმატური განსახვავებების პირობებში, რისი სწამს ბაჰაიზმის მიმდევარს?

 –  ბაჰაის სწამს, რომ ქრისტე ღმერთის ძეა. ყურანშიც აღნიშნულია ქრისტეს ღვთაებრივი ჩასახვის შესახებ. რა თქმა უნდა, განსხავავებები არის, მაგრამ მათი არსებობა ინტერპრეტაციის შედეგია. ბაჰაის მიაჩნია, რომ ყველა რელიგია ერთი წიგნის სხვადასხვა თავია. ღმერთის გამოცხადებები ისტორიაში დაუსრულებლად და პროგრესულად მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ ყველა ხალხს აუწყოს უზენაესი ჭეშმარიტების შესახებ და საყოველთაო მშვიდობისკენ მოუწოდოს. ბაჰაულას, მისი წინამორბედი მოციქულებისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ მან სოციალურ საკითხებს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, მეტი ყურადღება დაუთმო.

განგვიმარტეთ ბაჰაიზმის სიმბოლიკის მნიშვნელობა. საქართველოში როდის გამოჩნდნენ ბაჰაის მიმდევრები?

 –  ვარსკვლავის ცენტრში არსებული წარწერა არაბულია და იკითხება შემდეგნაირად: „ია ბაჰა ალ აბჰა“, რაც ნიშნავს „ო, დიდებულო ყველა დიდებულთა“. ცხრაწვერიანი ვარსკვლავი კი სიმბოლოა კაცობრიობის და ღმერთის ერთიანობისა.

ბაჰაის რწმენამ გავრცელება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ რელიგიის გავრცელებას  ხელი შეუწყო ბაჰაულას ვაჟის აბდუ’ლ-ბაჰას მოგზაურობამ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში, დაახლოებით 1910-1913 წლებში. აბდუ’ლ-ბაჰას იწვევდნენ ეკლესიებსა და სინაგოგებში, რომ მას ხალხისთვის მიემართა. აბდუ’ლ-ბაჰა ხვდებოდა ცნობილ სასულიერო პირებს და სახელმწიფო მოღვაწეებს, ყველას, ვისაც აინტერესებდა მისი მოწოდებები. ის ხშირად საუბრობდა ჩრდილო ამერიკაში არსებულ სეგრეგაციაზე, რასაც შავკანიანი მოსახლეობის უფლებების შელახვა და მათი შევიწროება მოსდევდა.

ბაჰაის რწმენამ საქართველოში გავრცელება მე-19 საუკუნიდან დაიწყო. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბაჰაულა საბოლოოდ ოსმალეთის იმპერიამ ახლანდელი ისრაელის ქალაქ აკკაში გადაასახლა და იქვე ჩასვეს ციხეში. მისი მიმდევრები მაინც განაგრძნობდნენ ბაჰაულას მონახულებას, ეს მოგზაურობა კი ზოგჯერ თვეებიც გრძელდებოდა. ერთ-ერთი მარშუტი, რომელსაც რეგულარულად იყენებდნენ ქალაქ ბათუმიდან მიემართებოდა. ამას მოჰყვა ის, რომ ზოგიერთი ბაჰაი თბილისში დასახლდა და თანდათან მათი პოპულაცია გაიზარდა.

საქართველოში ან საზღვარგარეთ თუ გყავთ პარტნიორი ორგანიზაციები?

 –  ბაჰაის საზოგადოებას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს არასამთავრობო თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გვაკავშირებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, განათლება, გარემოს დაცვა, ცრურწმენათა ყველა ფორმისა და სტერეოტიპების დამსხვრევა. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც ძალიან აქტიურები ვართ. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში საკუთარი ოფისი და წარმომადგენლობა გვაქვს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭოს წევრები ვართ. ამ პლატფორმის დახმარებით, ურთიერთობას ვამყარებთ საქართველოში გავრცელებული სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, ვუზიარებთ საკუთარ აზრსა და გამოცდილებას.

რა წყაროებით ფინანსდება საქართველოში ბაჰაის საზოგადოება?

–  ბაჰაის საზოგადოება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იღებს ფინანსურ შემოწირულობებს მხოლოდ იმ პირობით, თუ შემომწირველი ბაჰაიზმის მიმდევარია. შემოწირულობები არ მიიღება სხვა შემთხვევაში, არც ინდივიდებისგან, არც ორგანიზაციებისგან და არც მთავრობისგან. საქართველოშიც ასეა.

ახლა რა დღესასწაულს აღნიშნავთ?

 –  ახლახანს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული აღვნიშნეთ, რასაც რიდვანის 12 დღეს ვუწოდებთ და 20 აპრილიდან პირველ მაისამდე ვზეიმობთ. სწორედ ამ 12 დღის განმავლობაში განაცხადა ბაჰაულამ თავისი მისია რიდვანის ბაღში. ასევე, გვაქვს ადგილობრივი/ეროვნული სასულიერო ასამბლეის არჩევნები, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის ოქტომბერში ბაჰაულას დაბადების 200 წლისთავის აღნიშნვას ვაპირებთ.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 211 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*