საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ახალმა შემადგენლობამ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბების პროცესში 40 000 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“360 000 ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 000 ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი რაციონალურეად იქნა დაგეგმილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გაწეული საქმიანობისთის მადლობა გადაუხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.

პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, მმართველი გუნდი დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს, შესაბამისად მის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილებას.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობდა. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები