რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული რუსების 60% საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენს უჭერს მხარს, ხოლო პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერს, ემანუელ მაკრონს რესპონდენტთა 8%.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთში საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობადი მარინ ლე პენია. რესპონდენთთა 71%-ს მასზე სმენიათ ან იციან. მეორე ადგილზე ფრანსუა ფიიონია (52%), ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონი (50%).

„რუსების სიმპატიები მარინ ლე პენის მხარეზეა, მას გამოკითხულთა 60% უჭერს მხარს, ხოლო 8% კი ემანუელ მაკრონს. რუსების ერთი მეოთხედი (26%) არ გამოხატავს სიმპატიებს რომელიმე კანდიდატის მიმართ“, – ნათქვამია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) განცხადებაში.

”ეროვნული ფრონტის” ლიდერი, მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატია. პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები