კაცობრიობისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას, რწმენას უძველესი ისტორია და ღრმა წარსულში გადგმული ფესვები აქვს. საქართველოში წარმართულ ეპოქაში ადამიანებს კულტების, ბუნებრივი მოვლენებისა და სხვადასხვა საგნის მიმართ შიში და თაყვანისცემა ახასიათებდათ.

ქრისტიანული სარწმუნოების შემოსვლის შემდეგ კერპთაყვანისმცემლობა შეიცვალა, თუმცა სხვადასხვა კულტი იმდენად ღრმად იყო გამჯდარი ადამიანებში, რომ დღემდეა ზოგიერთი მათგანი შემორჩენილი და ამას დღეს უკვე ცრურწმენას ვეძახით.

საქართველოში დღესაც სწამთ, რომ მაისში ქორწინება ავის მომასწავებელია.

ეს ცრურწმენა ბევრ ერშია გავრცელებული და მეცნიერები მას ყველაზე ძველად თვლიან კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ანტიკურ პერიოდშიც კი მაისში ქორწინებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება იყო. მაგალითად, პლუტარქე თვლიდა, რომ მაისში არასასურველია ქორწინება, რადგან ეს მოხუცების თვეა, ხოლო მომდევნო თვე, ივნისი – ახალგაზრდებისაა.

მახსოვს, ერთხელ ბებიას ვკითხე, რატომ არ შეიძლება მაისში ქორწილის გადახდა-მეთქი? მიპასუხა, მაისი ვარდობის თვეა და მხოლოდ ვარდი ხარობს ამ თვეში, სხვა ვერაფერიო…

მიუხედავად გავრცელებული ცრურწმენისა, ბევრი ადამიანი სწორედ ამ თვეში დებს ერთგულების ფიცს.

ამ ცრურწმენას, გარკვეულწილად, საფუძვლად უდევს 1567 წლის 16 მაისს მარია სტიუარტის ქორწინების ისტორია, რომელიც საშინელი ტრაგედიით დამთავრდა. რატომღაც, ისტორიიდან გამომდინარე, ამ თვეში დაქორწინებას მხოლოდ ქალებისთვის მოაქვს უბედურება. ამ ლეგენდას თუ ცრურწმენას ბერძნულ მითოლოგიასთანაც აკავშირებენ. მაისს სახელი ნიმფა მაიას პატივსაცემად ეწოდა. ეს ის ნიმფაა, რომელთანაც ზევსი თავის ცოლს ღალატობდა.

თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ არსებობენ მაისში დაქორწინებული ბედნიერი ოჯახები და სხვა თვეში დაქორწინებული უბედური წყვილებიც.

ცრურწმენების რა გითხრათ, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების და საზოგადოების სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების დამოკიდებულება ქორწინების მიმართ ნამდვილად გასათვალისწინებელია.

რა არის საჭირო წარმატებული ქორწინებისთვის? ამ საკითხში მამაკაცებისა და ქალბატონების აზრი თითქმის ემთხვევა და სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

სიყვარული – ქალები 66%/ მამაკაცები 69%;

ნდობა – ქალები 64% / მამაკაცები 65%;

ურთიერთობა – ქალები 39% / მამაკაცები 37%;

ყურადღება – ქალები 32% / მამაკაცები 36%.

რაც შეეხება განქორწინებას – თეორიულად, მამაკაცთა (67%) და ქალბატონთა (69%)

უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოჯახების დანგრევის მთავარი მიზეზი ღალატი და უნდობლობაა. თუმცა ისინი, ვისაც ამ სამწუხარო ფაქტის საკუთარ მხრებზე გადატანა მოუხდათ, წინა პლანზე სხვა მიზეზებს აყენებენ:

განსხვავებული ცხოვრებისეული ფასეულობები – ქალები 32% / მამაკაცები 30%;

გაღიზიანება და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა – ქალები 25% / მამაკაცები 27%;

სრულიად არ ესმით ერთმანეთის – ქალები 21% / მამაკაცები 24%

და მხოლოდ ამ მიზეზების შემდეგ ასახელებენ ღალატს.

გამოიკითხნენ სხვადასხვა ასაკის მამაკაცები და ქალბატონები. გამოკითხვის მომენტში ქალბატონთა 78% და მამაკაცთა 84% არ იყო დაქორწინებული და არ ჰყავდა მუდმივი პარტნიორი.

ამ მხრივ გამამხნევებელია ბრიტანელი სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში ყოველი მეორე ქორწინება წარმატებულია. როგორც სტატისტიკის ავტორები აცხადებენ, გამოკითხვაში მსოფლიოს 27 ქვეყნის 59 ათასზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქორწინებების 50% წარმატებულია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქორწინება ყველაზე ხშირად 29-დან 37 წლამდე ასაკშია წარმატებული. ყველაზე წარუმატებელი ქორწინება მაშინ არის, როდესაც წყვილი ოჯახს 25-დან 28 წლამდე ქმნის.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, აღმოჩნდა, რომ ოჯახური ცხოვრება განქორწინებით ყველაზე ხშირად 22-დან 28 წლამდე ასაკში მთავრდება.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქორწინებით კმაყოფილი ქალების 44, ხოლო მამაკაცების 62%-ია.

წყარო: marao.ge

(Visited 69 times, 1 visits today)

კომენტარები