თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები და მშობლები პირველ ექსპერიმენტალურსა და 162-ე სკოლას შორის გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სკოლაში პირველი ექსპერიმენტალურის 5 პირველი კლასი უნდა გაიხსნას. მშობლებს აქვთ ეჭვი, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ 162-ე სკოლა დაიხურება. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ ორ სკოლას შორის მემორანდუმი ნამდვილად გაფორმდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია პედაგოგებს არ მიაწოდა.
ამ წუთებში სკოლის პედაგოგებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც სკოლის დახურვას კატეგორიულად გამორიცხავენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, სკოლების შერწყმის პროექტის მიზანი სწავლის ხარისხის ამაღლება და სკოლებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში წარმატებული სკოლები სხვა საჯარო სკოლებთან ითანამშრომლებენ, რაც გამოცდილების გაზიარებას და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
„პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას და სხვა” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ და 162-ე საჯარო სკოლებს შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების შესახებ და სკოლის შესაბამისი კადრებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში.