ტაძარში უამრავი ნივთია, რასაც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და კონკრეტულ რელიგიურ ნარატივზე მიგვითითებს. გთავაზობთ ინფორმაციას ამ ჭურჭელთა სახელწოდებებისა და მათი სიმბოლური დატვირთის შესახებ.

ტრაპეზის მარცხნივ, ჩრდილოეთით, დგას მაგიდა, რომელიც მთლიანად შემოსილია და სამკვეთლო ეწოდება. მასზე ამზადებენ წმინდა ნაწილებს ზიარების საიდუმლოსთვის.

სამკვეთლოზე მოთავსებულია წმინდა ჭურჭელი:

ბარძიმი ფეხიანი სასმისია. მასში კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.

ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად წოდებულ პურს დებენ, რომელიც წირვის დროს იკურთხება და შეიცვლება ქრისტეს ხორცად. ფეხშუმი გაგვახსენებს ბაგასაც, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე იწვა და კუბოსაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი ესვენა.

ვარსკვლავი ორი მოღუნული ლითონის მომცრო რკალია, ერთმანეთთან ჯვრის სახით შეერთებული, და გაგვახსენებს იმ ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა მოგვებს ბეთლემის გამოქვაბულისკენ, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. ვარსკვლავი ფეშხუმზე იდგმება, რათა დაფარნა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილს არ შეეხოს.

ლახვარი იხმარება სეფისკვერიდან ნაწილის ამოსაღებად. ის გვახსენებს ლახვარს, რომლითაც ერთმა მხედარმა განგმირა ჯვარცმული იესოს გვერდი.

კოვზი იხმარება მორწმუნეთა საზიარებლად. ის გვახსენებს სერაფიმის მარწუხს ან საკეც მაშას, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განწმინდა იგი ცოდვისაგან და განანათლა.

ღრუბელი ორია საჭირო: 1. საღმრთო ჭურჭლის გასაწმენდად, 2. ფეშხუმზე ნაწილების შესაგროვებლად და ბარძიმში ჩასაწმენდად. ის გვახსენებს იმ ღრუბელს, რითაც ჯვარცმულ მაცხოვარს ნაღვლით შეზავებული ძმარი ასვეს.

დაფარნებს წმინდა ძღვნის შესამოსლებს ეძახიან. დაფარნა სამია: ორი მცირე და ერთი დიდი. ერთს აფარებენ ფეშხუმს, მეორეს – ბარძიმს, მესამეს (დიდს) – ორივეს – ფეშხუმს და ბარძიმს ერთად.

დიდ დაფარნას სხვანაირად ,,ეერი” ეწოდება. ის ერთდროულად აღნიშნავს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავის კარი იყო დახშული, მიწისძვრას მაცხოვრის ჯვარცმისას და სულიწმინდის მადლის ნიავებსაც. ამიტომაც ჰქვია ,,ეერი”.

მცირე დაფარნები ერთდროულად აღნიშნავს სახვევებს, რომლითაც იყო შეკრული იესო ბაგაში წოლისას და სუდარასაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი დასაფლავებისას იყო შეხვეული.

ამათ გარდა გამოიყენება:

KARIBCHEსაცეცხლური საკმევლის საკმევად. იგი არის ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის ჭურჭელი, რომელშიც ჩაიყრება ნაკვერცხალი და მასზე დაიკმევა საკმეველი და გუნდრუკი. საცეცხლური მოასწავებს ღვთისმშობლის წიაღს, საცეცხლურში ნაკვერცხლის ყოფნა კი თვით იესო ქრისტეს ყოფნას ქალწული მარიამის წიაღში. საცეცხლურის ოთხი ჯაჭვი ნიშნავს მახარებლებს. საკმევლის და გუნდრუკის დაკმევა ნიშნავს გულითად და წმინდა ლოცვას ღმრთისა და წმინდანებისადმი და სულიწმინდის მადლსაც, რომელიც განგვანათლებს და გვაცხონებს. როგორც აღივსება ტაძარი გუნდრუკის კმევით, ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანის გვამი აღივსება სულიწმინდის მადლით.

კანდელი არის ვერცხლის ან ოქროს ჭურჭელი, რაშიც ზეთი ასხია.

სამირონე არის ჭურჭელი, რომელშიც წმინდა მირონი ინახება.

ემბაზი სანათლავი ჭურჭელია.

გვირგვინები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისას იხმარება.

დიკირ-ტრიკირს იმ ერთად შეერთებულ, ანთებულ კელაპტრებს უწოდებენ, რომელთა საშუალებითაც ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარი ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავს – აკურთხებს. დიკირი ორ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად გამოხატავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას – კაცობრივსა და ღვთაებრივს, რადგან უფალი ღმერთკაცია. ტრიკირი სამ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამებას გამოხატავს. დიკირ-ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხებელი მარჯვენის განსახიერებაა.

რიპიდები ეწოდება გრძელ სამაგრზე წამოცმულ მრგვალ ლითონის ფირფიტებს, რომლებზეც ანგელოზები არიან გამოსახული. ღვთისმსახურებისას რიპიდები სტიქაროსნებს ამბიონზე გამოაქვთ. მღვდელმსახურის მიერ საცეცხლურით ტაძრის შემოვლის დროს სტიქაროსნები ჯვრით, რიპიდებითა და ანთებული კელაპტრებით წინ უძღვიან მას. რიპიდები განასახიერებენ ანგელოზთა თავმოყრას ღვთისმსახურებაზე.

გამოყენებული მასალა: კარიბჭე

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 150 times, 1 visits today)

კომენტარები