თბილისში ვიზიტით მყოფი  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა  პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გახდა.  გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ  სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომლის მიზანიც არის  ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო,  რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ანგარიშვალდებული მმართველობა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე.  პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპული სკოლა მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. მხარეებმა ასევ განიხილეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში “სტარტაპ საქართველოს” როლი და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების გაძლიერების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია.  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- “ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი”( Technical Cooperation Facility – TCF).  შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება  და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები