ფილმები გამოძიების, დეტექტივების შესახებ, ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს. ცხადია, ყოველივე რეალობიდანაა აღებული. შესაძლოა, ამ საკითხზე ადამიანების უმეტესობას არც უფიქრია, მაგრამ დეტექტივები ნამდვილად არსებობენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში ქალ მოქმედ დეტექტივებს შეხვდებით, მეტიც, ჩვენს ქვეყანაში უკვე 3 წელია, რაც „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო “ (FPI) ფუნქციონირებს. სააგენტოს შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად „თბილისი თაიმსი“ „კერძო დეტექტივი ქალების“ დირექტორს, ნინო ბერელაშვილს ესაუბრა.
„კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“ დაარსების იდეა საიდან წამოვიდა?
– ყველაფერი კერძო დეტექტიური კომპანია „ჰაბლიდან“ დაიწყო, სადაც რამდენიმე ქალი კერძო დეტექტივის პოზიციაზე ვმუშაობდით. რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ ვნახეთ, რომ ყველაზე მეტი შეკვეთა ქალებისგან იყო, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ერთი გენდერული ნიშნით შემოვფარგლულიყავი და გაგვეხსნა დეტექტივი ქალების სააგენტო, სადაც ქალების დახმარებაზე ვიქნებოდით ორიენტირებულნი. თუმცა ამჟამად ჩვენი მომსახურეობით საკმაოდ ხშირად მამაკაცებიც სარგებლობენ. ცხადია, რომ ქალი დეტექტივი უფრო გულისხმიერია როგორც შეკვეთის მიღებისას, ასევე სამუშაოს შესრულებისას, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირადად განიცდის შედეგის სიმძიმეს და დამკვეთსაც უადვილებს ამის აღქმას!!!
სააგენტოს თანამშრომლები მხოლოდ ქალები არიან? კადრების შერჩევა როგორ ხდება? დეტექტივები რაიმე სპეციალურ გადამზადებას თუ გადიან?
– თანამშრომლები მხოლოდ ქალები არიან, რადგანაც ქალი უკეთ ხედავს, ქალს უკეთ ესმის, ქალი ერთგულია, ყოველივე ეს, ჩვენი საქმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კადრების შერჩევას, ეს ჩვენს სფეროში ყველაზე რთული საკითხია, იმისათვის რომ კადრი იყოს მუდმივად მზად (ვმუშაობთ 24 საათიანი გრაფიკით) და მასთანავე, იყოს ერთგული, გადიან სპეციალურ ტრენინგებს, როგორც საქართელოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. გარდა ამისა, გადიან საცეცხლე მომზადებას. ყოველივე ამის შემდგომ სანდოობის დასადგენად პოლიგრაფზე შემოწმება უტარდებათ.
უმეტესად რა სახის შეკვეთებზე გიწევთ მუშაობა? რომელი სქესის კლიენტები ჭარბობენ?
– ყველაზე ხშირად ღალატის დადგენის მიზნით მოგვმართავენ. ასევე ხშირია ძიძების კონტროლის შემთხვევები. თუმცა ბოლო დროს ე.წ. „სექტების“ თემა გახდა აქტუალური, ამ საკითხზეც ხშრად გვიწევს მუშაობა და საკმაოდ წარმატებითაც ვმუშაობთ. ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც აქვთ უნარი ჩაინერგონ ამ სექტაში და ობიექტი გამოიყვანონ მათთვის საფრთხისშემცველი გარემოდან. სამწუხაროა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ეს უკანასკნელი საკმაოდ „პერსპექტიული“ მიმდინარეობა გახდა ჩვენს სერვისებში. ვერც კი წარმოვიდგენდით თუ ჩვენს გარშემო ამდენი სექტა და შესაბამისად საშიშროება იყო!
მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით მუშაობთ?
– ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ. ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ემიგრანტი ცოლები გვიკავშირდებიან და მათი მეუღლეების გადამოწმებას გვთხოვენ. შეიძლება არც ღირდეს ამის თქმა, თუმცა პრევენციისათვის იქნებ კარგიც იყოს – ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობს თურქეთის მუსლიმ ქალთა საზოგადოება, რომლისგანაც მუდმივად ვიღებთ შეკვეთებს ამ საზოგადოებაში გაწევრიანებული ქალების მეუღლეებზე დაკვირვების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, თურქი მამაკაცები განსაკუთრებული ერთგულებით არ გამოირჩევიან.
როგორც მუსლიმ ქალთა საზოგადოებიდან შეგვატყობინეს, ჩვენი სახელი უკვე ცნობილი გამხდარა და მოღალატე ქმრებს ჩვენთვის „შეითან ქადინ კასუსი“ შეურქმევიათ რაც ქართულად ეშმაკ, მზვერავ ქალს ნიშნავს! გულწრფელად გეტყვით – ჩვენ გვეამაყება ამით.
თქვენი სააგენტოს მომსახურებას ცნობილი სახეები რამდენად იყენებენ?
– არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით, ან პირიქით – ცნობილი სახე გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი.
კერძო დეტექტივის დაქირავება რა თანხებთანაა დაკავშირებული?
– ჩვენი მომსახურება გათვლილია ისე, რომ დამკვეთმა კონფორტულად იგრძნოს თავი, ვცდილობთ იგი ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენი დაქირავება 1დღით (8-10 საათი) 250-300 ლარი ჯდება.
თუ ყოფილა თქვენი ამ მუშაობის პროცესში, პრაქტიკაში, საქმე, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა? მოგვიყევით…
– ჩვენს პრაქტიკაში ბევრი დასამახსოვრებელი საქმეა, თუმცა ერთ-ერთს გავიხსენებ. იყო შემთხვევა, როდესაც საქმროს აინტერესებდა მისი საცოლის შესახებ თუ რამდენად ერთგული იყო იგი. საქმე ავიღეთ და შევუდექით ობიექტის მეთვალყურეობას მის საცხოვრებელ სახლთან. სამუშაო საათებში ობიექტი აივანზე გამოვიდა სარეცხის დასაფენად, შემდეგ შებრუნდა და 2-3 წამში და ისევ გამოვიდა. გაარძელა სარეცხის დაფენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვიდეო კამერით ვაფიქსირებდით, ამ დროს დამკვეთმა დარეკა და გვითხრა, რომ მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ობიექტი სულ სხვა ადგილას იმყოფებოდა, შემდეგ კადრების დეტალურად დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ პირს, რომელსაც ვუთვალთვალებდით ეხმარებოდა დედა, რომელმაც გადაუცვალა ტანსაცმელი და შეიძლება ითქვას ასე შეძლო ჩვენი მოტყუება. რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე წარმატებით მივიყვანეთ და დაკვეთა შევასრულეთ, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება.
„კერძო დეტექტივი ქალების სააგენტოს“ სამომავლო გეგმები როგორია?
– უამრავი სამომავლო გეგმა გვაქვს, ვაპირებთ „სანდოობის სერთიფიკატის“ გაკეთებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ძიძების სააგენტოებში და მსგავს დაწესებულებში მომუშავე ადამიანები პოლიგრაფზე შემოწმებას გაივლიან, მათი სანდოობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად, შედეგად „სანდოობის სერთიფიკატს“ აიღებენ. ასევე ვგეგმავთ ჩვენს სააგენტოს დავუმატოთ მომსახურება, რომლის მეშვეობითაც ქალებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გავუწევთ.
ნინო ზარიძე