ევროპულ სკოლაში, რომელიც თბილისში გაიხსნება, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ, – აღნიშნულს შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს.

ჰანის მიერ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ვრცელ მოსაზრებას და შეფასებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„განათლება საზოგადოებრივი განვითარების ქვაკუთხედია. განათლებასა და სწავლებაში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდების განხორციელების გარეშე მდგრად ეკონომიკურ წინსვლას ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს, ვერც წარმატებულ მომავალს შექმნის. განათლება რეალობის აღქმის უნარს აღრმავებს და გონებრივ თვალსაწიერს აფართოებს; აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და სოციალური სარგებელი მოაქვს როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. განათლება ადამიანს უფრო ნაყოფიერს და შემოქმედებითს ხდის, რაც მეწარმეობის განვითარებასა და ტექნოლოგიურ წინსვლას უწყობს ხელს.

მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული განათლების მნიშვნელობაზე პოლიტიკოსთა ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება ბავშვების სკოლაში მიყვანისა და მათი საგანმანათლებლო სისტემაში შენარჩუნების კუთხით. თუმცა, გამოწვევები კვლავ უხვადაა, განსაკუთრებით ამ ახალგაზრდების სამუშაო გარემოსთვის მომზადების მხრივ. ტექნოლოგიის, შრომითი ბაზრის ხასიათისა და ზოგადად, გლობალური გარემოს ცვლილება, მუდმივად მორგებას საჭიროებს. ახალგაზრდებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ საკუთარი უნარებისა და მიდგომების იმგვარად დახვეწა, რომ უფრო მოქნილები და ნოვატორულები იყვნენ და იოლად შეეგუონ მუდმივად ცვალებად გარემოს.

ევროკავშირი სათავეში უდგას საგანმანათლებლო სისტემების განვითარების საქმეს. სწორედ ეს სისტემები ქმნის ცხოვრების დაწყების საუკეთესო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ეხმარება მათ კონკრეტული უნარების განვითარებაში, რომ კონკურენტულ გარემოში ღირსეული ადგილის დაკავება შეძლონ. მაგალითისთვის საკმარისია დავასახელოთ ,,ერაზმუს+“, ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც წელს 30-ე იუბილეს აღნიშნავს. მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევთავაზოთ საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სტუდენტებს, ისარგებლონ ,,ერაზმუს+“ პროგრამით და ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდის წინადადება.

2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 4,100 სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა, საიდანაც 990 საქართველოს მოქალაქე იყო, დახმარება მიიღო ევროკავშირში სწავლებისთვის, სწავლისთვის თუ ტრენინგში მონაწილეობისთვის. ამასთანავე, 8,900 ახალგაზრდა და ახალგაზრდულ საქმეთა მუშაკი მეზობელი ქვეყნებიდან ჩართული იყო არაფორმალური განათლების პროექტებში, როგორიცაა გაცვლითი პროგრამები, ტრენინგი და მოხალისეობა (6,700 ახალგაზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის 1,600 საქართველოდან).
,,განათლება და ახალგაზრდობა“ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული შედეგების ნუსხის მთავარ საკითხებადაა მიჩნეული. ახალგაზრდებში ლიდერობის და მეწარმეობის სულისკვეთების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” (EU4Youth) ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს 100 ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერას. 2020 წლისთვის, 20,000-ზე მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ისწავლის, ასწავლის და ტრენინგს გაივლის ,,ერაზმუს+“ მობილობის პროგრამით შემოთავაზებული შესაძლებლობების წყალობით. ყველა ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს უნარების უფრო ფართოდ განვითარების საქმეს.

თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს პროფესიული განათლების, ტრენინგების და შრომითი ბაზრის/დასაქმების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ძალისხმევაში, რასაც საქართველოს მოსახლეობის შრომისუნარიანობის გაზრდა უნდა მოჰყვეს. განათლების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაში.

განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის საერთო ხედვაზე დაყრდნობით, შევთანხმდით, თბილისში დაგვეარსებინა “აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა”. ეს ამბიციური გეგმა მოწინავე პროექტია აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში. 2020 წლამდე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გათვლილი კონკრეტული შედეგების ნუსხიდან ეს ერთ-ერთი საკვანძოა, რაც მიზნად ისახავს საქართველოში და ამ რეგიონში მცხოვრებთათვის ხელშესახები სარგებლის მოტანას.

ევროპული სკოლის ამოცანაა, გახდეს წარმატების საწინდარი მოსწავლეებისთვის საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება საშუალო სკოლა და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ. სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე და მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ სხვადასხვა ევროპული ენის კურსებს. ევროპული სკოლა წაახალისებს ევროპულ ღირებულებებს, თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას. ასევე, სპეციალური კურსებისა და აქტივობების მეშვეობით, უკეთ გააცნობს მოსწავლეებს ევროკავშირს და მის საქმიანობას საქართველოში თუ მთელ რეგიონში. ამგვარად, ევროპული სკოლა მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. ის დაეხმარება საქართველოს, სრულად გამოიყენოს ახლახან მიღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოტენციალი. დიდი სურვილი გვაქვს საერთო ხედვა საქმედ ვაქციოთ და უახლოეს მომავალში უკვე პირველი მოსწავლეები მივიღოთ!, – აცხადებს ევროკომისარი.

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*