“თბილისი თაიმსი” გთავაზობთ რაბათის ციხეში არსებული ძეგლებისა და მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი ექსპონატის მოკლე მიმოხილვას. ახალციხე რელიგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რეგიონია. აქ წმინდა მარინეს და ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძრები, სინაგოგა, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური და კათოლიკური ეკლესიები გვერდიგვერდ არსებობენ.
წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი
რაბათის ციხე ახალციხის ცენტრში შვიდ ჰექტარზე გაშენებული კომპლექსია, რომელიც სხვადასხვა დროს აგებულ საკულტო და თავდაცვით ნაგებობებს აერთიანებს.
კომპლექსი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მის ქვედა ნაწილში შესვლას ბილეთის გარეშე შეძლებთ. აქ ნახავთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, რესტორნებს, სასტუმროს, ამფითეატრს, ქორწინების სახლს, სუვენირების მაღაზიას, იმიტირებულ მესხურ ტერასებსა და სათვალთვალო კოშკებს, საიდანაც შეგიძლიათ ციხეს თვალი მოავლოთ.
რაბათის ზედა ნაწილში მოსახვედრად ბილეთის შეძენაა საჭირო. აქ წარმოდგენილი შენობებიდან ადვილად შეამჩნევთ ციტადელს, რომელიც რაბათის ციხის ყველაზე შემაღლებული წერტილია. ციტადელში ძველად ტყვეთა საპყრობილე იყო განთავსებული. ამჟამად აქ საკონფერენციო დარბაზის დაქირავებაა შესაძლებელი.
ციტადელიდან კარგად ჩანს მუზეუმი, სადაც ძველად ათაბაგების სასახლე იდგა. ახალციხის მუზეუმში ბევრ საინტერესო არტეფაქტს აღმოაჩენთ, განმარხებული ამფიბიებით დაწყებული, უძველესი ღვთაებებით, სამარხებითა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ცხოვრების ამსახველი ნივთებით დამთავრებული.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აღმოჩენილი კრემაციული სამარხები ქრისტესშობამდე VIII-VI საუკუნეებით თარიღდება. თიხის ჭურჭელში გარდაცვლილის დამწვარ ნაშთებთან ერთად, სამკაულებსა და დამტვრეულ იარაღსაც ათავსებდნენ. ამგვარი სამარხების გამოჩენას ხეთური კულტურის გავლენას უკავშირებენ.
საინტერესოა ტყუპი ღვთაების ფიგურა, რომელიც ქრისტესშობამდე მე-3 ათასწლეულის პირველი ნახევრითაა დათარიღებული და ოჯახის მფარველად ითვლებოდა.
მუზეუმში გაეცნობით მზის კულტის ქურუმ ქალთა სამკაულებსა და სხვადასხვა მოსართავებს, რომელთაც ძვ.წ XV-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.
მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები – რიტუალური ნივთები, სამოსი, ლოცვის წიგნები – მესხთა, ოსმალთა, სომეხთა, ებრაელთა და სხვადასხვა წარმოშობის კათოლიკეთა ცხოვრებას ასახავენ. მუზეუმში დაცული ხელნაწერებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის სახარება, “ვეფხისტყაოსნის” XVI საუკუნის ხელნაწერი და სხვა მდიდარი მასალა.
თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს მუზეუმის სამხრეთით მდებარე ოქროსფერგუმბათიანი მეჩეთი, ახმედიეს სახელით ცნობილი. მეჩეთი ათაბაგთა გამუსლიმებულმა შთამომავალმა, ახმედ ფაშა ჯაყელმა 1752 წელს ააგო. ფაშას მეჩეთის ასაშენებლად იტალიელი არქიტექტორი მოუწვევია. საკურთხეველი მეჩეთს მე-19 საუკუნის ოციან წლებში მიადგეს, როცა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით, ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ციხე თურქებს გამოსტაცეს.
მეჩეთთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს. გადმოცემის თანახმად, ქართველ არქიტექტორს მეჩეთი აია სოფიას ტაძრისთვის მიუმსგავსებია, რის გამოც ფაშას დაუსჯია. მეჩეთის ჩრდილოეთით ფაშას მოსასვენებელი ოთახი იყო, დასავლეთით კი მედრასე.
გარდა საკურთხევლისა, ახმედიეს მეჩეთის სამხრეთ კედელში შემორჩენილია მიჰრაბი, ნიშა, რომელიც მუსლიმ მლოცველებს მექას მდებარეობისკენ მიუთითებს. ნაგებობის გუმბათში დატანებულია თორმეტი სარკმელი. მეჩეთში რამდენიმე საფლავის ქვაა გამოფენილი სხვადასხვა დროინდელი წარწერებით.
რაბათის კომპლექსში კიდევ ერთ მართლმადიდებლურ ტაძარს აღმოაჩენთ, რომელშიც მსახურება არ აღესრულება, თუმცა ყველას შეუძლია შესვლა და სანთლის ანთება.
თანამედროვე ხეივნები, ღია გალერეები, შადრევნები და აუზები მრავლადაა რაბათის ციხის მთელ ტერიტორიაზე.
ციხის რესტავრაცია 2012 წელს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობების ერთი ნაწილი არაავთენტურია, მაინც უამრავ ტურისტს იზიდავს.
მარიამ ქალებაშვილი