ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესი დროიდანაა ცნობილი. მინანქარი ესაა მეტალისა და გამდნარი შუშის კავშირი. მეტალად გამოიყენებოდა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. პირველად ამას ეგვიპტელები აკეთებდნენ. ოქროს ამოღმავებულ ფირფიტებს ავსებდნენ ძვირფასი ქვებითა და შუშით. მსგავს ტექნიკას ჩინელებიც იყენებდნენ. ასევე ცნობილია რომაული ნაკეთობებიც ბრინჯაოზე. მინანქარი დასავლეთ ევროპაში 12 საუკუნიდანაა ცნობილი.

მინანქარის ხელოვნება სხვადასხვაგვარია. ის შეიძლება იყოს გრავირებული, როცა ლითონის ფენა იმდენად გამჭვირვალე მინანქრითაა დაფარული, რომ სიღმეში ჩანს გრავირებული ზედაპირი. არის ფერწერული მინანქარი – ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით და ზედ ცეცხლგამძლე მინანქრიანი საღებავით იხატება გამოსახულებები. არის ტიხრული მინანქარიც. ქართულ ხელოვნებაში ტიხრული მინანქარი 8 საუკუნიდანაა ცნობილი.

ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც – სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები, მოსაპირკეთებელი ნივთები და სხვა. ყოველი მათგანი მრავლადაა შემკული სხვადასხვა ორნამენტით.

დღეს საქართველოში ტიხრულ მინანქარზე  საკმაოდ ბევრი მუშაობს.  მათ შეძლეს და საყვარელი და მიმზიდველი საქმიანობა ერთგვარ ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციეს. ერთ-ერთი მათგანი  ნათია გიაშვილია. ნათია  თვითნასწავლია და უკვე რვა წელია, რაც ტიხრულ მინანქრზე მუშაობს. იგი ესაუბრა „თბილისი თაიმსს“  მინანქრით მუშაობის თავისებურებაზე, მნიშვნელობასა და მის ღირებულებაზე.

„სულ რამდენიმე გაკვეთილს ვუყურე, თუ როგორ მზადდებოდა და იქმნებოდა ტიხრული მინანქარი. როდესაც, პირველად დავინახე თუ როგორი საინტერესო და მიმზიდველი სამუშაო იყო, გადავწყვიტე მეცადა და თავად შემექმნა მსგავსი ნამუშევრები.  მანამდეც მქონდა მსგავსი გამოცდილება, ვხატავდი, ვქარგავდი, ვაკეთებდი სამკაულებს, ეს ყველაფერი ძალიან ახლოს იყო ჩემთან. შევიძინე ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც აუცილებელი იყო  მინანქრის დასამზადებლად და დაახლოებით რვა წელია რაც ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.“

ნათიას თქმით, მასალები საქართველოში იყიდება.  თუკი გაქვს ამის სურვილი და ნიჭი, დღეს ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ეს საქმიანობა წამოიწყო.

„იყიდება ყალიბები, მზა  ფორმები,რომელიც  შემდგომში  დამუშავებას და დახვეწას საჭიროებს. არსებულ ფორმებზე მუშაობ და ქმნი იმგვარ დიზაინს, როგორიც ჩაფიქრებული გაქვს. თუმცა გარდა არსებული ყალიბებისა, შესაძლოა გქონდეს საკუთარი ფორმა და ესკიზი და თავად შექმნა ოქრომჭედლის დახმარებით საკუთარი მოდელი. მინანქარზე მუშაობის პროცესი სასიამოვნო და ამავე დროს შრომატევადია. მუშავდება ფორმის ზედაპირი, ეწყობა აპლიკაცია შესაფამისი წებოთი. შემდეგ ისხმება ფერები.გასათვალისწინებელია ის,რომ გამოწვის დროს ფერები უნდა ჩაისვას ეტაპობრივად, იმისთვის რომ გამოწვის დროს ნამუშევარი არ გაიბზაროს და არ გაფუჭდეს.“

როგორც ნათია განმარტავს, იმისთვის რომ ნამუშევარი შევაფასოთ, სულაც არაა ამ საკითხში ექსპერტი ვიყოთ. ცოტა დაკვირვებაც საკმარისია იმისთვის, რომ შევაფასოთ მინანქრის ხარისხი.

„უბრალოდ კარგი და სწორი დაკვირვებაა საჭირო. უნდა დავაკვირდეთ ტიხრების რაოდენობას, მათ მიმართულებას, რამდენად სიმეტრიული და დახვეწილია თავად ჩანახატი. რამდენად გაპრიალებული და რამდენად კარგად არის დამუშავებული თავად ნამუშევრის ზედაპირი. და რაც მთვარია, არ უნდა იყოს ფერები ერთმანეთში გადასული.მომხმარებლის თვალი ადვილად აღიქვამს ამ ყველაფერს.“

ნაკეთობის მიხედვით განსხვავდება ნამუშევრის ფასებიც. ნამუშევარები იმის მიხედვით ფასდება,  თუ რამდენი ტიხარი აქვს მას.  როგორაა ფერები შერწყმული ერთმანეთთან, არის თუ არა ,  ზედაპირი გლივი და პრიალა.

„რაც შეეხება ფასებს,  თუ დაბალი ფასი აქვს, უნდა მიხვდეთ,  რომ უხარისხოა ნამუშევარი.მარტივი, დაშტამპული კომპოზიციებით. ამ შემთხევაში ოსტატს არ უწევს დიდი მუშაობა და ენერგიის დახარჯვა. თუმცა, როდესაც თითოეულ ტიხარზე და ფერზე უდიდეს ენერგიას დებ – ეს ყველაფერი ფასზეც აისახება.

ნათიას თქმით, ბოლო ბერუიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ტიხრული მინანქრის მიმართ ინტერესი.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა მინანაქრის ბიზნესით. ბევრი მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან ლამაზ ნამუშევრებსაც ქმნიან. ამ მხრივ კონკურენციაც საკმაოდ დიდია.„

ოქრო, ვერცხლი და სპილენძი ის მეტალებია რომლებზეც შეგიძლიათ მინანქრით იმუშოთ. სხვა მეტალზე ტიხრული მინანქარი შეუთავსებელია.

ინტერესის პარალელურად გაიზარდა, ტიხრული მინანქრით მომუშავე ადამიანების რაოდენობაც. თუმცა, თუ თქვენ გინდათ, კარგი ხარისხისა და დახვეწილი  ნაკეთობის შეძენა, ამისთვის უბრალოდ კარგი დაკვირვებაა საჭირო.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 169 times, 3 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*