საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ”რესპუბლიკური პარტია” პლებისციტის დანიშვნას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რესპუბლიკელები მოუწოდებენ საზოგადოებას, გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით. ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ”თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს რესპუბლიკური პარტიას მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას. საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსი მასშტაბური ცვლილება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისათვის – ევროპული საქართველოს” ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი – საერთო- სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად.

მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად).

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიულ გარემოს. პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები