12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე აღინიშნება. „თბილისი თაიმსი“  გთავაზობთ სხვადასხვა წყაროდან გამოკრებილ ინფორმაციას მოციქულის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, რამდენჯერ შემოვიდა ანდრია საქართველოში, რა წყაროები ადასტურებენ მის შემოსვლასა და აწყურის ხატის ისტორიას, რომლითც მოციქული სასწაულებს აღასრულებდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ მცხეთის სვეტიცხოვლის ტრაპეზი თორმეტი მოციქულის სახელზე აკურთხა. მცირე აზიაში მრავალი მოციქული ქადაგებდა, მათ შორის პეტრე, პავლე, იოანე. ცხადია, ისინი ბერძნებთან ერთად ქართველებსაც მოაქცევდნენ, რადგან სწორედ ქართველური ტომები შეადგენდნენ იმ დროს მცირე აზიის ძირითად მოსახლეობას. მოციქულმა ანდრიამ ხელი დაასხა საქართველოს პირველ ეპისკოპოსს აწყურში და დაუარსა მას საეპისკოპოსო კათედრა.

ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მონათხრობით, წმ. ანდრია მოციქულს სამჯერ უმოგზაურია საქართველოში. მოციქული პირველი მოგზაურობის დროს ქალაქ ამასიიდან მისულა ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში. აქედან იგი ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად გადასულა იბერიაში, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ წარმართთა მოქცევის შემდეგ იგი ისევ იერუსალიმში დაბრუნებულა, სადაც სხვა მოციქულებთან ერთად აღდგომის დღესასწაულში მონაწილეობა მიუღია.

ეპიფანეს გადმოცემით, მეორე მოგზაურობის დროს წმ. ანდრიამ „მოიწია ქალაქსა ტრაპიზუნს”. მესამე მოგზაურობის დროს ანდრია პირველწოდებულს თან ახლდა ქრისტეს სხვა მოციქულები – სიმონ კანანელი და მატათა. „მიმოიარეს ქალაქები, ჩავიდნენ იბერიაში და ფაზისში”. აქედან ისინი საქადაგებლად გადასულან სუსანეთში (სვანეთში), სადაც თურმე ქალები მბრძანებლობდნენ მამაკაცებზე. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის გადმოცემით, მატათა მოციქული სუსანიაში დარჩენილა, “ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, მათ მრავალი სასწაული მოუხდენიათ და წავიდნენ აბაზგიაში (აფხაზეთი), დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღვთის სიტყვა”. სებასტოპოლისში ანდრიამ დატოვა სიმონ მოციქული, თვითონ კი ჯიქეთში გადავიდა, სადაც ღვთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს.

„ანდრიას მიმოსვლის“ პოლიტიზირება X-XI საუკუნეში

ანდრია პირველწოდებულის თემამ X-XI საუკუნის საქართველოში განსაკუთრებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საზღვარგარეთ არსებულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ქართველი წმინდა მამები საქართველოში ანდრია მოციქულის მისიონერული მოღვაწეობის რეალურ ფაქტებს ხშირად იყენებდნენ ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

აღნიშნულ საკითხზე 1057 წელს გიორგი მთაწმინდელმა ცხარე პოლემიკა გაუმართა ანტიოქიის პატრიარქს თეოდოსს, რომლის აზრითაც, საქართველოს ეკლესიას არ ჰქონდა ავტოკეფალიის უფლება იმ მიზეზით, რომ ივერიის ქვეყანაში, თითქოს, არც ერთ მოციქულს ქრისტიანობა არ უქადაგიაო. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, გიორგი მთაწმინდელმა მტკიცედ დაიცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბერძენი პატრიარქის პრეტენზიებს თვით ბერძნული წყაროები დაუპირისპირა. მან მოითხოვა მოეტანათ წმინდა ანდრიას “მიმოსვლის” ბერძნული ტექსტი და პატრიარქს მიმართა:

“წმინდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი: და ერთი წმინდანთა ათორმეტთა მოციქულთაგანი სიმონს ვიტყჳ კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს, აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმინდანთა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს არღარა უარგვყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მოდრეკილ არს ნათესავი ჩუენი. შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რაითა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმას ანდრეას და რაჲთა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ”.

გიორგი მთაწმინდელის წარმოთქმულმა სიტყვებმა ანტიოქიის პატრიარქზე დადებითად იმოქმედა და უარი განაცხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე. საზღვარგარეთ, ქართულ სავანეებში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს ხშირად უხდებოდათ დაპირისპირება ბერძენ იერარქებთან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესანარჩუნებლად. ასეთ ფაქტებს ადგილი გიორგი მთაწმინდელამდეც ჰქონია. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ექვთიმე ათონელმა, გიორგი მთაწმინდელამდე დიდი ხნით ადრე, ბერძნულიდან თარგმნა წმინდა ანდრია მოციქულის “მიმოსვლა”.

ანდრია მოციქული მაცხოვრის უპირველესი მოწაფე იყო. ანტიოქიის ეკლესია წმიდა პეტრეს მიერ იყო დაარსებული. ანტიოქიის პატრიარქი ფიქრობდა, რომ ეს მაღალი ტახტი მას უფლებას აძლევდა განეცხადებინა პრეტენზია ქართული ეკლესიის დამორჩილებაზე. გიორგი მთაწმიდელის მსჯელობა სავსებით ლოგიკურია. თუკი დამორჩილებაზეა ლაპარაკი, მაშინ უფრო სამართლიანი იქნება, თუ უმცროსი ძმა უფროსს დაემორჩილება, რადგანაც ანდრიამ მოუწოდა თავის ძმას პეტრეს. ამიტომაც წმიდა პეტრეს ეკლესია, ანტიოქიის საპატრიარქო, უნდა დაემორჩილოს წმიდა ანდრიას ეკლესიას – საქართველოს საპატრიარქოსო.

აწყურის ხატი

 საქართველოში ანდრია მოციქულის მოღვაწეობასთან მჭდროდაა დაკავშირებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი. ამჟამად აღნიშნული ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხელოვნებათმცოდნეები აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის მოჭედილობას XVI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. “ქართლის ცხოვრების” ანდრიას “მიმოსვლის” მიხედვით, ეს ის ხატია, რომელიც ღვთისმშობელმა მოციქულს გადასცა. საქართველოში ყოფნის დროს ანდრია მოციქული სწორედ ამ ხატით ახდენდა სასწაულებს.

აწყურში ხელთუქმნელი ხატის ძალით დამხობილ იქნა არტემისა და აპოლონის საკერპო ადგილი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მესხეთის მოსახლეობის ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა. წერილობითი წყარო ხატის სასწაულებრივ ძალას მიაწერს ქვრივი დედაკაცის ახალგაზრდა ვაჟიშვილის გაცოცხლებას.

როცა მესხებმა ეს საკვირველი ამბავი ისმინეს, სწრაფად შეიკრიბნენ ყოველი კუთხიდან და გაუკვირდა ყველას, როცა იხილეს ქვრივის მკვდრეთით აღდგომილი ძე. კერპთა მღვდლები სირცხვილით აღივსნენ და შენდობა ითხოვეს მოციქულისგან. მოციქულმა ასწავლა მათ ყოველი წესი რჯულისა და სარწმუნოებისა. დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. ადერკი მეფემ როცა გაიგო მეგრელებისგან რჯულის დატოვება, გაუწყრა მათ, გაგზავნა იქ თავისი ერისთავები და იძულებით კვლავ წარმართობას დაუბრუნა. შერისხა ადერკი მეფემ კლარჯეთის ერისთავი ანდრია მოციქულის მშვიდობით განტევებისათვის.

აღნიშნული ხატი დააბრძანეს აწყურში, ახლადაგებულ საყდარში. VII საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში ლაშქრობის დროს ბიზანტიის იმპერატორს ჰერაკლე კეისარს თაყვანი უცია აწყურის ღვთისმშობლის ხატისთვის და საფუძველი ჩაუყრია ახალი საყდრის მშენებლობისთვის. როგორც წყაროებით ირკვევა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის აგებული ტაძარი საეპისკოპოსო ტაძრად უქცევიათ. აწყურში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა ჰერაკლეს მიერ აგებული მცირე სამლოცველოს ნაშთები, რომელიც ამჟამინდელი ტაძრის ნანგრევების ჩრდილოეთით, მიწის ქვეშაა მოქცეული.

წყარო: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ანანია ჯაფარიძე, 1999

library.church.ge

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 235 times, 1 visits today)

კომენტარები