2017 წლის 2 მაისს, ამერიკის შეერთებული შატატების 30-მა კონგრესმენმა, საქართველო – აშშ-ს დიპლომატიური ურთიერობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, პრეზიდენტ ტრამპს, საქართველოს მხარდამჭერი, წერილით მიმართა. წერილში საუბარია საქართველოს მიღწევებზე და იმ დიდ წვლილზე, რასაც საქართველო იღებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საქართველო შეფასებულია, როგორც აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი, მტკიცე და სანდო პარტნიორი, არამარტო კავკასიის, არამედ შავი ზღვის რეგიონშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ 2 მაისის მიმართვამდეც, საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია მიუღიათ აშშ-ს კონგრესში,  თუ სენატში. თუმცა, აღნიშნული მიმართვა გამოირჩევა მხარდამჭერთა რაოდენობით და ფართო ორპარტიული წარმომადგენლობით, რაც ხაზს უსვამს აშშ-ში წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებში მტკიცე, კონსოლიდირებული და სტაბილური მხარდაჭერის არსებობას. ასევე, აუცილებლად ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ წლების შემდგომ კვლავ დღის წესრიგში დგება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) საკითხი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება (აღნიშნული ხელშეკრულება, აშშ-ს 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული და მათ შორის ევროპის კონტინენტიდან არცერთი არაა). კონგრესმენები, წერილის მეშვეობით, მოუწოდებენ ადმინისტრაციას განაგრძოს საქარველოს მტკიცე მხარდაჭერა და  ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე არსებული მაღალი დონის დიალოგის პროცესში, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ნათლად განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის არსებულ საჭიროებებს. ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ასევე, მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის. ხელშეკრუელბის გაფორმების შემთხვევაში ეს იქნება, ახალი შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის, რომელიც შეძლებს გახდეს უფრო მეტად სტაბილური და ზრდადი.

წერილის გამოქვეყნებას, რამდენიმე დღეში მოყვა ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი. 5 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს (Consolidated Appropriations Act, 2017), სადაც ერთ-ერთ თავი ეხება საქართველოს, რომლის თანახმადაც ის ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ მათთან,  ვერ ისარგებლებენ დაფინანსებით. აღნიშნული, უნდა შეფასდეს პრეცენდენტად, რადგან რუსეთი როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი აშშ-ს საკანონმდებლო დონის დოკუმენტში პირველადაა ნახსენები. დოკუმენტში გათვალისწინებულია  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახამრების ზრდა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღდმეგ საბრძოლველად. ასევე აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ინსტიტუტებში ან ორგანიზაციებში ეკრძალებათ, რაიმე სახის პროგრამის ან პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის და მთლიანობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

უახლესი, ისტორიული, პროცესების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ფინანსური თანამონაწილეობით ან პოზიტიური გავლენით, გადაიდგა რაიმე ნაბიჯები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თვალსაზრისით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩანაწერი აღნიშნულ დოკუმენტში ატარებს მეტად პოლიტიკურ ხასიათს, რომელიც პირველ რიგში მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის. აშშ არასდროს დაუშვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, ან რაიმე პოზიტიური წვლილის შეტანას ამ საკითხში. ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, ცალსახად შეიმჩნევა, რომ აშშ აღარ აპირებს დათმობებზე წასვლას, ის მზადაა აქტიური მოქმედებებისთვისა და პარტნიორების ინტერესების დაცვისთვის, რომელიც პირდაპირ ებმის მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ფაქტია აშშ იწყებს ნაბიჯების გადადგმას „ძველი დიდების“ დასაბრუნებლად, რომლის ფარგლებშიც საქართველო განიხილება მტკიცე, სანდო და ერთგულ პარტნიორად, რასაც მოწმობს აშშ-ში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი, რომელიც ვიცე პრეზიდენტ მაიკლ პენსის მიწვევით იმყოფებოდა თეთრ სახლში, ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა დონალდ ტრამპს. შეხვედრის შემდგომ, ტამპმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას: “ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე გაჭიმულ უძლიერეს მუსლიმანურ სარტყელს ხლეჩს, თანაც – აზიისა და ევროპის საზღვარზე, საქართველოა.” შეხვედრის შემდგომ ასევე გაკეთდა, მეტად, კეთილგანწყობილი და გულწრფელი განცხადებები, რომელიც გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედი. ცალსახაა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები დღითი-დღე იზრდება და ღრმავდება, რაც პირდაპირპროპორციულად სასიკეთოდ ისახება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებაზე.

თორნიკე დავითაშვილი
საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი

(Visited 246 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*