ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით შესაძლოა რეგულაციები გამკაცრდეს. ცვლილებების შემუშავების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადებისთვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა. კონკრეტულად რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი კანონპროექტში, ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არსებობს პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია.

„სამუშაო ჯგუფმა დაიწყო  ამ საკითხის გარკვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესია და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები შედის, იქმნება სხვადასხვა პრობლემა. პირველი, ეს არის არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი და მარტივი ხელმისაწვდომობა. მეორე – პრობლემებია ადმინისტრირების კუთხითაც. მესამე – საერთაშორისო სერვერებია, საიდანაც მარტივადაა შესაძლებელი წვდომა. ქვეყნიდან დიდი თანხები გაედინება, დაახლოებით რამდენიმე ათეული ან ასეული მილიონი დოლარი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ზოგადად ქვეყნისთვის, რომელიც ბევრ რამეს ურტყამს. მაგალითად, გადინებას, კურსს, ქვეყნიდან ვალუტის გასვლა ზოგადად პრობლემაა. ამიტომ, ეს საკითხი ხელახლა დადგა დღის წესრიგში და დავიწყეთ ამაზე ფიქრი.

რა მიმართულებით წავალთ, ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ ეს საკითხი მოსაგვარებელია. დასათვლელია, მაგალითად ის, თუ რა არის ამ ბიზნესის ეკონომიკური ეფექტი, რა სარგებელს იღებს ქვეყანა. ასევე – რა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. ღარიბდებიან თუ არა ამის შედეგად ოჯახები… როცა ადამიანები გამუდმებით აგებენ, კრიმინალი იზრდება თუ არა.  ეს ყველაფერი გასაანალიზებელია და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება  მისაღები. ზუსტად იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და არ იყოს უბრალოდ დეკორაციული ცვლილება, ანუ, ისე არ გამოვიდეს, თითქოს შევცვალეთ რაღაც, მაგრამ შინაარსობრივად არ შეიცვალოს,  საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ საქმიანობაში პარლამენტი ჩართულიყო. შესაბამისად, ამას ემსახურებოდა სამუშაო ჯგუფის შექმნა და აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება. მართალია, არის რაღაც ვარიანტები, რომლის განხილვასაც აპირებენ, მაგრამ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ამ იდეებსაც აქვს ხარვეზები. ამიტომ, ყველაფრის ხელახლა, ღრმად გაანალიზება მოგვიწევს.

რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს. ეს არის საერთაშორისო სერვერებზე წვდომა, არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობა და ალბათ, რეკლამირების საკითხი, რომ ყოველდღე, დილიდან ღამემდე, არ იყოს ონლაინ კაზინოების რეკლამა. ისევე, როგორც სხვა საკითხები რეგულირდება, მაგალითად, ალკოჰოლი, თამბაქო, ასევე შესაძლებელია ამ მიმართულებით მუშაობა. ასე რომ, ჯერ ამასთან დაკავშირებით ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, თუმცა გამოკვეთილია ძირითადი პრინციპები“ – განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნინი მაზიაშვილი

(Visited 115 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*