11 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული, მათ შორის, 1995 წელს – ღირსების ორდენი, 2005 წელს – საესტრადო სიმღერებისთვის წლის საუკეთესო კომპოზიტორის წოდება, 2009 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და სხვ.

მარიკა კვალიაშვილი – დაიბადა 1937 წლის 7 მაისს თბილისში; არის ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილი; 1956 წელს დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი, 1961 წელს კი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო). 1961-2006 წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: “ქართული სიმღერის პროპაგანდა”, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას; კომპოზიტორს ეკუთვნის როგორც საბავშვო, ასევე, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: “იანვარიც მოირთვება”, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები; 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; დღემდე არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. გარდა მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობისა, მარიკა კვალიაშვილი წერს მოთხრობებსაც – 2016 წელს მისი ავტორობით გამოიცა  წიგნი „სიცოცხლე ამად ღირს’’.

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*