მედია და სარეკლამო პოლიტიკა, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რეკლამების გარეშე ტელევიზიები, ფაქტობრივად, ვერ იარსებებენ. იცავენ თუ არა მედია საშულებები რეკლამების კანონს და რამდენად გადასახედია სარეკლამო პოლიტიკა საქართველოში, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“ მედიის მკვლევარი, თამარ ხორბალაძე ესაუბრა.
საქართველოში, რეკლამასთან მიმართებაში, როგორი პოლიტიკა ტარდება? როგორც ცნობილია, ე.წ. რეკლამის კანონი არსებობს, ტელევიზიები და თავად რეკლამის დამკვეთები ამ კანონს რამდენად იცავენ?
– რეკლამის კანონი ცხადია არსებობს, მისი შესრულება სავალდებულოა, დარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რეაგირებს, ასევე, შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრებაც მოხდეს. ტელემედიის ინტერესში რეკლამის შესახებ კანონის დარღვევა არ შედის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც რეკლამის გაშვების მოცულობის შეზღუდვას გულისხმობს ყოველ საათში. (მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით) თუმცა, რადგან მარეგულირებელი ამის მონიტორინგს ახორციელებს, ტელევიზიები ძირითადად აღნიშნულ კანონს ასრულებენ.
სარეკლამო ფასები რამდენად რეგულირებულია?
– ფასს არეგულირებს ბაზარი, მოხმარებისა და მიწოდების შეფარდება, და ეს ასეც უნდა იყოს.
საქართველოში, მედია და, ზოგადად, საინფორმაციო საშუალებები რამდენად შემოსავლიანია?
– საქართველოში დაახლოებით 70 მილიონიანი სარეკლამო ბაზარია, რაც ყველა მედია საშუალების თვითდაფინანსებას ვერ წვდება. მედიის მხოლოდ ერთეული წარმომადგენლები არიან თვითკმარნი – ანუ ახერხებენ საკუთარი თავის დაფინანსებას. არასაკმარისი სარეკლამო ბაზარი არის სწორედ იმის წინაპირობა, რომ მედიაში ადვილია გარე ფულის ჩასხმით (პოლიტიკური, საბიუჯეტო და სხვ.) სხვადასხვა ინტერესების არაკეთილსინდისიერი ლობირება.
თქვენი აზრით, საქართველოში, მედია და სარეკლამო პოლიტიკა რამდენად გადასახედია?
– მიმაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩავერევით ამ სფეროში, მით უკეთესია. რეგულაციებსა და შეზღუდვებს განვითარება არ მოაქვს. მითუმეტეს, რომ ბოლო ცვლილებებმა რეკლამის შესახებ კანონში, რომელიც ოფიციალურად მოტივირებული იყო მომხმარებლის ინტერესების დაცვით, აჩვენა, რომ სინამდვილეში ოპოზიციური ტელევიზიის შემოსავლების შესამცირებლად იყო გამიზნული. ეს საფრთხე ყოველთვის, ყველა მთავრობის დროს არსებობს.
ნინო ზარიძე