თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.
ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.
მნიშვნელოვანია , რომ ჩემპიონატი ხორციელდება პროექტის – „Check in Georgia” ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა გადასცა.