გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით განათლების პოლიტიკის ფორუმი ჩატარდა. დარგის სპეციალისტებმა სკოლამდელი განათლების საჭიროების საკითხზე იმსჯელეს.
როგორც სპეციალისტებმა ფორუმზე აღნიშნეს, კვლევებით დასტურდება, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. და, სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან, ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისთვის, ფინანსური რესურსის გამოყოფა, სამომავლოდ ყველაზე ჭკვიანური გათვლა იქნება. „ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ცვლილებების მიმართ ადაპტაცია, გამოიმუშაოს უნარები თუ როგორ დაძლიოს პრობლემები“-განაცხადა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ლაილა ომარ გადიმ.
სპეციალისტების შეფასებით, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ისეთ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაცია, ჯგუფებში აღმზრდელისა და ბავშვების რაოდენობის თანაფარდობა, სათანადო ინფრასტრუქტურა და სხვ. თუმცაღა, დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია სკოლამდელი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა საქართველოში, მაია ყუფარაძემ, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ეს ბაღში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანობის განსაზღვრაში დაეხარებათ. როგორც ყუფარაძემ აღნიშნა, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობაა.
ნინო ზარიძე