ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გიორგი მარგველაშვილს საქართველო – ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს. ამის შესახებ ტრამპის მარგველაშვილისადმი გაგზავნილ წერილშია საუბარი. წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.

ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია.

მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის”, – წერია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქართველოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.

(Visited 70 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*