ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით დონდუამ განმარტა, ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ასევე ევროკავშირი აკეთებს დამგმობ განცხადებებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს.

„ასე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი – ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“, – განაცხადა დონდუამ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ „პოსტის“ დაკავება მიულოცა.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები