პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულია პირველი მოსმენის დროს და საპარლამენტო კომიტეტებზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის:

  • პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების უფლება მიეცემათ;
  • იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;
  • საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშიშროების რისკს შეიმცირებენ;
  • წესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;
  • დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;
  • საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა – თვეში ორი სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთის ხანგრძლივობით; ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ – წლის განმავლობაში ერთხელ, ხოლო წახალისებით დამატებით კიდევ ერთი;
  • ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ,  1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ;
  • მკვეთრად მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;
  • სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;
  • იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები;
  • მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე ვადით;
  • იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მუხლობრივ და პუნქტობრივ განხილვაზე დეპუტატებმა  წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილი სიახლეები  დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერა გამოხატეს.

კახა კახიშვილმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა პენიტენციური სისტემის რეფორმა განაგრძოს. მისი თქმით, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების იმპლემენტაცია დაიწყება.

 

 

 

 

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები