“საქართველო არ არის მოძალადეების სამშობლო, საქართველოში ცხოვრობს ნორმალური ხალხი და არსებობს არანორმალურებიც. ესენი არიან ყაჩაღები და მკვლელები”. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის და ასევე ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღის აღნიშვნის აუცილებლობის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია “იბერიაზე”, გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ისაუბრა.
“რადგან მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ამ დღის დაწესება, ესეიგი ამის აუცილებლობა არის. ბოლო წლებში საკმაოდ იმატა განქორწინებათა რაოდენობამ, რაც უარყოფითად მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ოჯახის შექმნას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია და თანხვედრაშია საზოგადოების გამოწვევებთან დემოგრაფიული კრიზისის სახით.
ოჯახი,როგორც სამოქალაქო ინსტიტუტი დაცული უნდა იყოს თანასწორობასა და სიყვარულზე დაფუძნებული პრინციპებით. ჩვენ ვაღიარებთ ოჯახს, როგორც სიყვარულის საფუძველზე ნებაყოფლობითად შექმნილს. არ ვფიქრობთ,რომ ვალდებულები ვართ ჰოლანდიური კანონის კალკირებით ვიყოთ დაკავებულები.
მკვლელობათა სტრუქტურას თუ შევხედავთ 1 %-ს არ აღემატება ამ კატეგორიის ადამიანთა მკვლელობის რაოდენობა, თუმცა დასაკარგი არავინ გვყავს და არ შეიძლება სტატისტიკური მიდგომის გამოყენება. ამ ხალხთან კომუნიკაცია არ მაქვს, ვკითხულობ ყველა ინფორმაციას, რაც სერიოზულ საინფორმაციო საშუალებებში გადის და ამ წყაროებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე არ მაქვს ტრაგიკული დასკვნის გაკეთების არანაირი საფუძველი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე