ყველა რელიგიაში უძველსი დროიდან არსებობდა წმინდა ადამიანის ან მოხეტიალე ბერის ინსტიტუტი. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისებური ჩაცმულობითა და ქცევებით. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები საკუთარი თუ საზოგადოებრივი ცოდვების გამოსახატად თავზე ნაცარს იყრიდნენ და უხეშ სამოსს იცავმდნენ. იერემია წინასწარმეტყველმა კისერზე რკინის უღელი დაიდგა იმის ნიშნად, რომ ებრაელი ერი ბაბილონის მეფის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა. ოსია წიასწარმეტყველმა მეძავი ცოლი მოიყვანა, რითაც სურდა ხალხისთვის მიენიშნებინა, რომ უფლის რჩეული ერი მეძაობდა უცხო ტომების კერპების წინაშე. მუსლიმთა შორისაც იყვნენ ასეთი მოხეტიალე ბერები, დერვიშები, რომლებიც ასევე არაორდინალური ქცევებით გამოირჩეოდნენ. ისინი თან დაატარებდნენ თავდაცვის იარაღსა და სპეციალურ ჭურჭელს, რომელიც კისერზე ეკიდათ. ამ ჭურჭელს “ქაშქული” ჰქვია და ერთ-ერთი არტეფაქტი თბილისის ისტორიის მუზეუმში ინახება. რუსი სტარეცები და მართლმადიდებელ სამყაროში გავრცელებული სალოსები ხშირად იქცევდნენ ხალხის ყურადღებას უცნაური და სიმბოლური მნიშვნელობებით დატვირთული ქცევებით.

ამჯერად, გვსურს თქვენი ყურადღება ინდუიზმისთვის დამახასიათებელ ბერობის ტრადიციაზე მივაპყროთ.

რელიგიური ღვთისმოსაობა მთელ მსოფლიოში სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ადამიანები ფანტაზიას მიმართავენ ღმერთის სადიდებლად, არ ზოგავენ ენერგიას და შემოქმედებით უნარებს ხატების, ეგზოტიკური მონუმენტებისა და ტაძრების ასაგებად. გარდა არქიტექტურისა, რელიგიურ წარმოდგენათა მრავალფეროვნება იმაშიც გამოიხატება, თუ როგორ სამოსს იცვამენ ადამიანები და თმას როგორ იჭრიან.

ინდური ტრადიციის თანახმად, სადჰუ სახეს თავისი ღვთაების სადიდებლად იღებავს. ამ რიტუალს “ტილაკი” ეწოდება, გამოისახება შუბლის შუა ნაწილზე, თვალებს შორის და აღნიშნავს მესამე თვალს, სიბრძნის თვალს, შუალედურობას,ზომიერებას…

სადჰუ არის ადამიანი, რომელიც აღარ ცდილობს ინდუიზმისათვის ძალზე მნიშვნელოვანი სამი ცხოვრებისეული წესის აღსრულებას. ესენია: გრძნობითი სიამოვნება, მატერიალური განვითარება და კასტური მოვალეობები. ის სოფლისგან განდეგილი და მატერიალური სიამოვნების უარმყოფელი ბერია. ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ტყეებსა და ტაძრებში.

სადჰუს ინდოეთის დიდი ქალაქების ქუჩებშიც  ხშირად შეხვდებით. როგორც წესი, სადჰუს მგზავრობის ფულს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ახდევინებენ. ხშირად მორწმუნენი სადჰუსაგან ფულის სანაცვლოდ კურთხევასა და დალოცვას იღებენ. ზოგჯერ ეშინიათ მათი წყევლისა, ზოგჯერ მათ მიმართ ზიზღსაც გამოხატავენ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებსა და მომლოცველობის ადგილებში, სადაც მრავალი მათხოვარი თავს სადჰუდ ასაღებს და ამ გზით ფულის შოვნას ცდილობს.

ინდოეთში რამდენიმე მილიონი მოხეტიალე სადჰუა. არის კატეგორია, რომელნიც გვამთა კრემაციის ადგილებში ცხოვრობენ, სასმისად ადამიანის თავის ქალას იყენებენ და სულთა გამოხმობის რიტუალებს ასრულებენ. ქალებს სადჰვის უწოდებენ. ისინი უმეტესად განდგომილების გზას შემდგარი ქვრივები არიან.

ითვლება, რომ სადჰუ თავისი თავისთვისაც და სახელმწიფოსათვისაც მკვდარია. ხშირად სადჰუ თავისებურ რიტუალსაც აღასრულებს, რომლის დროსაც საკუთარ დასაფლავებას ესწრება.  ერთნი უკიდურეს ასკეზას მისდევენ, მაგალითად დიდი ხნის მანძილზე ცალ ფეხზე დგანან, სრულ სქესობრივ თავშეკავებას იჩენენ, მისდევენ იოგას. მეორენი კი ოჯახებს ქმნიან და შვილებს ზრდიან. იშვიათ შემთხვევაში, სადჰუს გზაზე დადგომა მეოჯახეობის ტვირთისგან გაქცევასაც გულისხმობს.

სადჰუ ხშირად მოიხმარს ჰაშიშსა და კანაფს, რასაც მისთვის რელიგიური მნიშვნელობა აქვს. სადჰუები ექიმბაშობასაც მისდევენ, მთხოვნელს გათვალვისაგან ათავისუფლებენ, ქორწილებში კი კურთხევასა და დალოცვას გასცემენ.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 109 times, 1 visits today)

კომენტარები