საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია აშენდება. ის ექვს ტელესკოპზე იქნება გათვლილი და მას სხვადასხვა ფუნქცია ექნება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ასტროფოტოგრაფი  ლევან ვერძეული ესაუბრა.

ლევან ვერძეული Geo Astro-ს წევრია. Geo-Astro არის ასტროფოტოგრაფების ჯგუფი, რომელიც საქართველოში პირველმა ასტროფოტოგრაფმა დავით დვალმა შექმნა. მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.

როდის დაწყება პირველი კერძო ობსერვატორიის მშენებლობა და როდის დასრულდება?

– ობსერვატორიის მშენებლობა უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დასრულდება.

კონკრეტულად სად აშენდება? რა ფართობს მოიცავს?

– ობსერვატორია დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში აშენდება და ის ექვს ტელესკოპზე იქნება გათვლილი.

ძირითადად რა დანიშნულება ექნება?

– ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ასტროფოტოგრაფიის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ობსერვატორია ამ მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარება. გარდა იმისა, რომ აქედან გადავიღებთ ღრმა კოსმოსის ობიექტებს, ობსერვატორიას საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქციაც ექნება. ვუმასპინძლებთ მოსწავლეებს, სტუდენტებს და ზოგადად, ასტრონომიითა და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესებულ ყველა პირს.

Geo-Astro-ს წევრების გარდა ვინ იმუშავებს ობსერვატორიაში?

Geo-Astro ამჟამად მცირერიცხოვანი ჯგუფია. აქამდე გაფართოების საშუალება არ გვქონდა, რადგან შეზღუდულები ვართ ტექნიკის რაოდენობით და, თანაც, არ გვაქვს მუდმივი სტაციონარული ბაზა. ობსერვატორიის აშენების შემდეგ ეს შეიცვლება და ჯგუფის გაფართოებას შევძლებთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ობსერვატორიის აშენება და რამდენად შეუწყობს ის ხელს ასტროფიზიკის განვითარებას?

ეს პირველი კერძო ობსერვატორია იქნება საქართველოში და ვთვლით, რომ დიდი ნაბიჯია ასტრონომიისა და ასტროფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. თუმცა, ჩვენ ასტროფოტოგრაფები ვართ და სწორედ ეს იქნება ობსერვატორიის ძირითადი დანიშნულება.

ნინო მაზიაშვილი

(Visited 427 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*