ის, რომ  კვების ობიქტები სოკოებივით მრავლდება ეს ყველასთვის თვალში საცემია. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის მრავალფეროვანი რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტების დეფიციტს…  თუმცა ხშირად გვესმის საზოგადოების მხრიდან სკეპტიკური მოსაზრებები მსგავს ობიექტებში ჰიგიენური კულტურის დაცვის დეფიციტზე. „ჭამა სიამოვნებააო“ არის ნაქვამი, აქვე ისმის კითხვა – ჩვენს რეალობაში ეს სიამვნება რამდენად უვნებელია?!

რა მდგომარეობაა კვების ობიექტებში, რა დარღვევებია ძირითადად, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე   The Tbilisi Times სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, თამთა მიქანაძე ესაუბრა.

კვების ობიექტების მონიტორინგი რა პერიოდულობით ტარდება? დარღვევები რა მიმართულებით არის უმეტესად….

– სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, მიმდინარე წელს, გეგმური დოკუმენტური შემოწმებისას პრიორიტეტი მიენიჭათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს (საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტები), რომელთა დოკუმენტური შემოწმება  წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ განხორციელდება. 2017 წელს საზოგადოებრივი კვების ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ძირითადად სანიტარიულ-ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო, ბიზნესოპერატორები კი – ეტიკეტირების წესებთან და მიკვლევადობის მოთხოვნებთან შეუსაბამობების გამო დაჯარიმდნენ.

მთავარი სტანდარტი რა არის, რაც კვების ობიექტებს მოეთხოვებათ?

მთავარი ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის სფეროში არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი (ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას) პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების აღნიშნული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

დარღვევის შემთხვევაში სანქციები როგორია?

– დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის შინაარსზე:

  • ბიზნესოპერატორის საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე – 500 ლარი, მცირე წარმოება – 100 ლარი;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე – 500 ლარი;
  • მავნე სურსათის განთავსება ან მავნე სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის შეუსრულებლობა – 1000 ლარი;
  • ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – 1000 ლარი;
  • ბიზნესოპერატორის ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენა – 100 ლარი;
  • ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობებზე გაცემული მითითებების შეუსრულებლობა – 400 ლარი, იგივე ქმედება განმეორებით – 1200 ლარი;
  • ეტიკეტირების წესის დარღვევა – 400 ლარი, იგივე ქმედება განმეორებით 1 წლის გმავლობაში – 1200 ლარი
  • ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია – 500 ლარი მცირე წარმოების სემთხვევაში – 200 ლარი;
  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმების/პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევა – 5 000 ლარია, იგივე ქმედება განმეორებით – 10 000 ლარი

ამ კუთხით რეგიონებში რა მდგომარეობაა? მსგავსი ობიექტები რამდენად ხშირად კონტროლდება?

– რეგიონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები იდენტურია, თუმცა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე მატულობს ტურისტულ ადგილებში; ასევე გათვალისწინებულია ბიზნესოპერატორის საქმიანობის სეზონურობა.

რას გვეტყვით საშაურმეებზე, აქ დარღვევები  რამდენად ხშირია   და რა მიმართულებით?

2017 წელს საშაურმეებში  62 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, 4 საშაურმე დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციების გონივრუოლ ვადაში შეუსრულებლობის გამო.

სიახლეები, რომლები სააგენტოს  უახოეს მომავალში აქვს დაგეგმილი

– სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ბიზნესოპაერტორების ინფორმირებულობის გაზრდა რჩება.

ნინო ზარიძე

(Visited 109 times, 1 visits today)

კომენტარები