“საქართველო უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას! განსაკუთრებით ეროვნული კუთხით. ეს პრობლემა წლების მანძილზე ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებოდა და მის გამოსასწორებლად პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა. დღეისთვის უწმიდესს უკვე 18 000 – ზე მეტი ნათლული ჰყავს, რაც, გარკვეულწილად, დადებითად აისახება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახების ზრდაზე. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ვერ ცვლის საერთო სურათს.

ახალი ხელისუფლების ინიციატივით, ნებისმიერი სოციალური ჯგუფის   წარმომადგენლისთვის მშობიარობა უფასო გახდება, რაც თავისთავად დადებითად აისახება შემდგომ წლებში საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მაგრამ ეს, რომ საკმარისი არ იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს.

არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა – 104 ათასი.

1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991 -2010 წლებში კი – 55 ათასი.

შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო და 2005 წელს საქართველოში უკვე 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა.

მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამხრეთ კავკასიაში ქართველთა დემოგრაფიული განვითარება არსებითად ჩამორჩება სომხებისა და აზერბაიჯანელების დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლებს. საქართველოშიც კი ქართველების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქვეყანაში ქართველების შემდეგ სხვა, მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების წარმომადგენელთააზერბაიჯანელთა ბუნებრივ მატებას.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და რადიკალური ზომები არ მივიღეთ, დაახლოებით 10 წელიწადში 2030-იანი წლებისთისეს პრობლემა მკვეთრად იჩენს თავს. აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რაც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს მხოლოდ საკმაო დროის გავლის შემდეგ მივაღწიოთ.

ამრიგად, ქვეყანაში თანამედროვე დემოგრაფიულ სიტუაციას აქვს სისტემური კრიზისის ხასიათი. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილებია: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, სიკვდილიანობის ზრდა, ზოგიერთ რეგიონშიმოსახლეობის შემცირებული გამრავლება, ანუ როდესაც მომდევნო თაობა წინა თაობაზე ნაკლებია, დეფორმირებული სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები, “ტვინების გადინება”, დიდი რაოდენობით განდევნილი მოსახლეობა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დაბალია დემოგრაფიული პროცესების მართვა. უაღრესად შეზღუდულია სახელმწიფო რესურსები სისტემური ეკონომიკური კრიზისის შედეგადაც.

დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების ღონისძიებათა სისტემაში უპირველეს საჭიროებად მივიჩნევ სახელმწიფოს ჩარევას დემოგრაფიული პროცესების მსვლელობაში. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო კრიზისული დემოგრაფიული ვითარება და შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დემოგრაფიული პროგრამები, სადაც მთავარი აქცენტი მიმართული იქნება შობადობის გაზრდაზე და ორიენტირი იქნება, პირველ რიგში, სამბავშვიანი ოჯახი. ამისთვის აუცილებელია, რომ შეიქმნას საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი და სხვა მრავალი სისტემა.

საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.”

ავტორი – სულიკო ძაგნიძე “საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი ”

 

(Visited 213 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*