ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით,  თბილისის ბოტანიკურ ბაღში,   ბაღის ფრინველთა საათი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს.  აქციას  ქვეყნის მასშტაბით 500-მდე მოსწავლე შეუერთდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გაღრმავებას გარემოსდაცვით სფეროში.

ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის,  ორგანიზაცია საბუკოს ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მხარდაჭერით გაიმართა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 22 მაისი ბიომრავალფროვნების დაცვის საერთაშორისო დღედ აღიარა, რათა აემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება ბიომრავალფეროვნების საკითხებზე. 1993 წლიდან 2000 წლამდე ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 29 დეკემბერს აღინიშნებოდა, რადგან სწორედ 29 დეკემბერს მიიღეს კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების  შესახებ. ბევრ ქვეყანაში ამ დროს  სხვადასხვა დღესასწაულების  აღნიშვნის გამო  ბიომრავალფეროვნებისათვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდებოდა, 2000 წელს ბიომრავალფეროვნების დღე 22 მაისს გადაიტანეს.

 

(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები