შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებების მოკლე შინაარსს აქვეყნებს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-მ 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.

„საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, ის ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი – მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს: 13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად „ელ-ცენტროში“ იმყოფებოდა. დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც „ელ ცენტროს“ ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით – „აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო“ და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ „ელ-ცენტროს“ დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა. საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.”-განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები