როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასაადგილებლად მიწისქვეშა ტრანსპორტს იყენებს. მეტრო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა. მაგრამ არის კი მხოლოდ სისწრაფე საკმარისი?!-მთავარია მგზავრები ტრანსპორტში  რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ამ მხრივ, თბილისის მეტროსადგურებში საეჭვო მდგომარეობაა. ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში, დედაქალაქის მეტროსადგურები ხშირად ზიანდება, ყოფილა ხანძრის შემთხვევებიც, რის გამოც მგზავრებს რამდენჯერმე გვირაბიდან ფეხით გამოსვლაც კი მოუწიათ. რა არის მეტორსადგურების ხშირი დაზიანების მიზეზი და რა საშიშროების წინაშე დგანან მიწისქვეშა ტრანსპორტის მომხმარებლები, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებათდამცველთა გაერთიანების’‘ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა არის თბილისის მეტროსადგურების ხშირი დაზიანების მიზეზი?

 – თბილისის მეტროსადგურების ხშირი  დაზიანების მიზეზი რთული საპოვნელი სულაც არაა. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს, მეტროსადგურები პლასტმასით შეკეთდა, საუბარია გვირაბებსა და მოსაცდელ ბაქნებზე. ვეჭვობ, რომ ამ მეტროსადგურების სარეაბილიტაციოდ გამოყენებული მასალა ადვილად აალებადია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ვფიქრობ, თბილისის მეტროსადგურების ხშირ დაზიანებას სწორედ ეს გარემო ფაქტორები იწვევს.  არ არსებობს დასკვნა იმის შესახებ, რომ სარეაბილიტაციოდ გამოყენებული მასალა უსაფრთხოა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როცა რეაბილიტაცია დასრულდა, ამ სადგურების ჩაბარების აქტს ხელი არავინ მოაწერა ანუ დანაშაული თავის თავზე, რეალურად, არავინ აიღო.

თქვენი ინფორმაციით, ამ მხრივ, ყველაზე საშიში ზონა რომელია? კონკრეტულად რომელი სადგურია  ყველაზე საფრთხილო და რატომ?

ძალიან ცუდი მდგომარეობაა ღრმაღელის მეტროში, გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. როგორც ამ კონკრეტულ მეტროსადგურში, ასევე სხვებშიც,  ექსკალატორების პრობლემაცაა. ყველა ექსკალატორს აქვს თავისი ვადა და მეეჭვება ეს აქ კონტროლდებოდეს. ასევე, ცუდ მდგომარეობაშია მეტროსადგურები: 300 არაგველი, რუსთაველი, ახმეტელი და სხვ. თითქმის ყველა მეტროსადგური რეაბილიტაციას საჭიროებს.

რა საშიშროების წინაშე ვდგვართ? თუკი ამგვარი შემთხვევები გახშირდა, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე რამდენად შეიძლება დაემუქროს?

  არ მინდა ძალიან რადიკალური ვიყო, მაგრამ მეტროსადგურების პლასტმასით შეკეთება მეტროს დანაღმვის ტოლფასია! პლასტმასი ადვილად აალებადია, რაც მეტროსადგურებში ხშირ ხანძარს იწვევს, ეს კვამლი კი მომწამვლელია.

მიწისქვეშა ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხს ვინ აგებს?

 – მიწისქვეშა ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხს, წესით, მხოლოდ მეტროპოლიტენის შიდასამსახურები კი არა, დამოუკიდებელი უწყებებიც უნდა აგებდნენ, რადგანაც მეტრო არა მხოლოდ ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალება, არამედ საევაკუაციო ობიექტიცაა.  ქვეყანაში რამე რომ მოხდეს, მოსახელობამ თავი სწორედ მეტროს უნდა შეაფაროს, ამიტომაც მეტროს კეთილმოწყობა ყველა სახელმწიფო მოხელესთვის პრივილეგიას უნდა წარმოადგენდეს.

 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე რა აზრის ხართ?

 – უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მხრივ, ეს მთავრობა შედარებით გააქტიურდა, ამას მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობაც მოწმობს. ვფიქრობ, ახალი მეტროსადგური ხარისხიანი მასალებით აშენებული იქნება.

 როგორია თქვენი ხედვა,  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რა ზომები უნდა გატარდეს?

მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. იაფფასიანი პლასტმასები ძვირადღირებული უწვადი მასალებით უნდა ჩანაცვლდეს,  პრობლემა მხოლოდ ამის შემდგომ აღმოიფხვრება.

ნინო ზარიძე

 

 

 

(Visited 109 times, 1 visits today)

კომენტარები