“4 წელია განადგურებულია პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა,რომლის ბიუჯეტიც 23 მილიონია. პედაგოგი ჰგავს ექიმს,რომლის კარიერა, პროფესიონალიზმი დამოკიდებულია მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებაზე”. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “ხალხის პოლიტიკის” ეთერში ისაუბრა.
“განათლების სისტემას ამ დროისთვის აქვს სამი ფუნდამენტური პრობლემა. პირველი არის პედაგოგების კვალიფიკაცია. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მასწავლებლები, მაგრამ ვერ მუშაობენ თავის თვითგანვითარებაზე. მეცნიერებები ვითარდება ყოველწლიურად, ყოველდღიურად. პედაგოგი ან დაკავებულია მუდმივად სკოლაში, ან რეპეტიტორობით ცდილობს ოჯახი არჩინოს და ფიზიკურად დრო არ აქვს. არც ფული აქვს,რომ კომპიუტერი იყიდოს და არც ინგლისური იცის, რომ ეს ინფორმაცია მოიპოვოს.
მეორე პრობლემაა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელსაც ცვლილება სჭირდება. ვერ ნერგავენ ახალ გეგმას, არც პოლიტიკური ნებაა, არც სახელმძღვანელოებია და არც ხედვა აქვთ. მესამე ფუნდამენტური პრობლემაა,რომ განათლების სისტემა არის ორიენტირებული დროზე. პოლიტიკური სისტემა უნდა შეთანხმდეს,რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არ ცვლის ძირითად პრინციპებს” , – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მანანა ღოღობერიძე