ამაღლება ერთ-ერთი თორმეტთაგანი საუფლო დღესასწაულია. აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე შეკრებილ მოციქულთა და მოწაფეთა წინაშე ზეცად ამაღლდა ქრისტე, ამაღლებისა და ღრუბლებში გაუჩინარების წინ კი დატოვა სიტყვები: „და, აჰა, მე თქვენთანა ვარ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე.“ მიუხედავად აღდგომის შემდგომი მრავალი გამოცხადებისა, იესოს სულიერი მისია, როგორც ჩანს, ბოლომდე გასაგები არ იყო ელეონის მთაზე შეკრებილი ადამიანებისთვის. „საქმე მოციქულთა“-ს პირველი თავის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამაღლებას დაახლოებით ასოცი ადამიანი ესწრებოდა. მათგან ზოგიერთი გულუბრყვილოდ ეკითხება იესოს, თუ როდის აღადგენს ისრაელის სამეფოს ანუ გაათავისუფლებს რომაელთა ტყვეობისგან. ამ კითხვაზე იესო მიუგებს, რომ მათი საქმე არ არის დრო-ჟამის ცოდნა, აუწყა სულიწმინდის შესახებ, რომელიც მალე გარდმოევლინებოდა მოწაფეებზე და მათ საქადაგებლად მთელი ქვეყნის კიდემდე წაიყვნდა. შემდეგ თანდათან თვალს მიეფარა… გაოგნებული მოწაფეები ჯერ კიდევ ცას შეჰყურებდნენ, როცა ორი ანგელოზი გამოეცხადათ და უთხრეს „კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას?“

ალბათ ძალიან საგულისხმო კითხვაა, რომელიც დღესაც ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც მაშინ. ეს კითხვა საყვედურიცაა და გამომაფხიზლებელი ძახილიც, შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ თითქოს ეს ხმა მოუწოდებს ზეთისხილის მთაზე შეკრებილებს, რომ მიწაზე დაეშვან და სამოქმედოდ გაეშურონ. ეს კი ყველაზე რთულია, რადგან სწორედ აქ იწყება ის გზა, რომელსაც უფრო მეტი კითხვა მოსდევს, ვიდრე პასუხი.

ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე: „ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ“, არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღსრულდნენ თავის დროზედ; უფალი იტყვის: „მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება, მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: „მამა ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“. გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: „მე თქვენთანა ვარ“, მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობელ შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედ…“

ქრისტე ამაღლდა ადამიანური ბუნებითა და სხეულით, განადიდა და სრულიად განაღმრთო კაცობრივი ბუნება, რითაც ის ყოველთა ანგელოზთა მაღლა დააყენა.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 167 times, 1 visits today)

კომენტარები