ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გახსნა.  სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის   EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.

სამიტში ასევე მონაწილეობენ:  საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწე ფათიჰ დონმეზი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნერბივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიაკ არუთინიანი,  ასევე, საქართველოს მთავრობის,  კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

„დღევანდელი „რეგიონული ენერგეტიკული სამიტი“ წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. წელს სამინისტროს ინიციატივით ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი მასშტაბი გაგვეფართოვებინა და შინაარსი, თემატური რაკურსი შეგვეცვალა ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებას უკავშირდება. დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე, მორგებული იქნება რეგიონის სფეციფიკას.

მჯერა, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პროგრესის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ და ამ მიმართულებით წარმატებას კი აქვს გადამდები ეფექტი ეკონომიკის სხვა დარგებზეც, რაც საყოველთაო წარმატების საწინადარი იქნება მომავალში!“-განაცხადა კახა კალაძემ

სამიტზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება  ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;
  • ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა;
  • ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება.

„EU4ENERGY წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭრის ოთხწლიან პროგრამას, რომელიც დაიწყო 2016 წლის ივნისში. EU4ENERGY-ის მესამე კომპონენტი, „საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემო და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“,  ფინანსდება ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან “ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ენერგეტიკული ქარტიის” სამდივნოები. მისი მიზანია ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესება და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსაზღვრა. ინიციატივა მოიცავს ექვს ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსიას.

G4G – „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის  ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდასაჭერად.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*