თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი. მოსამართლის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება შპს „აიპლიუსისა“ და შპს „აიტექნიკის“ სასამართლო დავას უკავშირდება. ამ დავაში მისი სახელი არაერთხელ დასახელდა. ცერცვაძე ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, ის თანამდებობას ტოვებს და სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გააგრძელებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელებას. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია “აიპლიუსის” მხრიდან ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადებები კეთდება.

“გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შ.პ.ს. „აიპლიუსისა“ და შ.პ.ს. „აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები,” – ნათქვამია ვალერი ცერცვაძის განცხადებაში.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*