“პირველად იქნება გაფრთხილება, თუ რეკომენდაცია არ იქნება გათვალისწინებული, ჯარიმა იქნება 50 ლარიდან 5 ათას ლარამდე. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების საფრთხეც არსებობს”. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“იქნება ადმინისტრაციული სახდელების ფორმა, შემოწმება არ ნიშნავს მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას, გამოიკითხება დასაქმებულები და დამსაქმებლები, მოხდება დარღვევების იდენტიფიცირება. ეს ვრცელდება მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე. ასეთი ადგილების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და მათი რეგისტრაცია მოხდება.
აკრძალულ სამუშაო ადგილას უნდა იყოს შესაბამისი პირობითი ნიშანი, რომ კონკრეტულ შახტაში აღჭურვილობის გარეშე შესვლა არ იყოს ნებადართული. ამ კანონის გარდა არსებობს ტექნიკური რეგლამენტები,რომლის შესრულების ვალდებულებაც ეკისრება დამსაქმებელს.
ამ საკითხზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო, ბოლო პერიოდის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სასწრაფოდ მივიღეთ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მოაგვარებს და განსაზღვრავს არა მხოლოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს, არამედ განსაზღრავს ვიზიტორების, სხვა პირების, მაგალითად ჟურნალისტების უსაფრთხოებას” , – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
მანანა როღობერიძე