“ერთეული შემთხვევებია,როდესაც კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ადამიანებს არ აქვთ სხვა გზა,სხვა სამუშაო ადგილი და ისინი არიან განწირულნი, რომ შეეგუონ არსებულ სამუშაო პირობებს”. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ინტერვიუს” ეთერში ისაუბრა.
“შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით პირველი რეკომენდაცია ჩვენ 2013 წელს მოვამზადეთ დაგავუგზავნეთ ხელისუფლებას. მას შემდეგ ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს ვაყენებდით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რეალური შედეგი არ დამდგარა.გასულ წელს 38 ადამიანი დაიღუპა და 85 დასახიჩრდა სამუშაო ადგილზე.
როცა არ არის რეაგირება, ეს იყო ბოლო წერტილი, რომ მეთქვა ის, რაც ვთქვი ხელისუფლების მიმართ. ახალი ორგანოს შექმნა არ არის საჭირო, არის ინსპექციის ჩანასახი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მათი სამოქმედო არეალი საკმაოდ შეზღუდულია, არ შეუძლიათ ნებართვის გარეშე საკუთარი ინიციატივით შეამოწმონ საწარმო, ასევე მათ მიერ მომზადებული რეკომენდაცია არ არის საჯარო.
ახალარჩეულ ომბუდსმენს უწევს წინა ხელისუფლების დარღვევების კრიტიკა, შესაბამისად თავდაპირველად ხელისუფლების განწყობა განსხვავებული იყო. რაც მეტი დრო გადიოდა, დარღვევების რაოდენობა იზრდებოდა, არ ხდებოდა რეაგირება შენიშვნებზე და იცვლებოდა მათი დამოკიდებულება. რეალურად ასე ღიად ომბუდსმენთან დაპირისპირებას ვერ ბედავდა ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი და არ მახსენდება წლების განმავლობაში შემთხვევა, როდესაც იმდენი გაბედეს, რამდენიც ბოლო პერიოდში ზოგიერთმა პარლამენტარმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა” , – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე