24 მაისს ბერლინში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში აღინიშნა აგრეთვე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობა და წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობით დაგვირგვინდება. ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ახლახან, საქართველოსათვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებისათვის გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა. გარდა ამისა, მან სტუმრებს გააცნო საქართველოში საკანონმდებლო, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში მიმდინარე რეფორმები და გერმანული მხარის წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე და აღნიშნა გერმანული კომპანიების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

მიღებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეას პეშკე, რომელმაც საქართველოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს ღონისძიების ორგანიზებისათვის. მან ისაუბრა იმ განსაკუთრებულად წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც მხარეებს შორის ბოლო წლებში განვითარდა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით.

ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც ფედერალური სახელისუფლებო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს შორის ასევე იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ფონდის, ბიზნეს და სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ანსამბლი „ბათუმი“, რომლის მიერ შესრულებულმა მელოდიებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები